LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან დიდი თხოვნით და მოწიწებით მოგმართავთ, წელს დღესასწაულების ფორმატი შევცვალოთ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ეკლესიებში მისვლისგან თავის შეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და მათ რეკომენდაციით მიმართავს, რომ „წელს დღესასწაულების ფორმატი შევცვალოთ“.

„საზოგადოებისადმი ჩვენი რეკომენდაციები არის ძალიან დიდი თხოვნით და მოწიწებით, რომ წელს ჩვენ დღესასწაულების ეს ფორმატი შევცვალოთ იმიტომ, რომ ვდგავართ დიდი საშიშროების წინაშე, რომ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში და ამ სპირალიდან გამოსვლა მერე რთული იქნება, გვექნება ბევრი დაზიანება. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, თუმცა ექიმი ვარ და ამ საშიშროების შესახებ უნდა გითხრათ “,- განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 340-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებული ამ დროისთვის სულ 76 მოქალაქეა.

გარდაცვლილია  სამი. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია 3 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპზე 5000 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  494 ​ადამიანი რჩება.