უახლოესი ერთი კვირა, შეიძლება კორონავირუსის შემთხვევებმა კიდევ მოიმატოს, მაგრამ მატება არ იქნება დრამატული, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმყოფება თუ არა ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკში. თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ „ზუსტად არავინ იცის პიკი როდის იქნება და ყველა ვარაუდს გამოთქვამს“.
მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დარჩნენ სახლში.
„მატება არ იქნება დრამატული, არ იქნება ასეულები. იქნება ისევ ორი-სამი-ოთხი ათეული შემთხვევა, რაც ერთი-ორჯერ იყო. პატარა პიკი გვქონდა, ერთხელ იყო 32 შემთხვევა, ერთხელ 40 – სულ ეს იყო ჩვენი პიკი ჯერჯერობით. მე მგონია, ასე, თორემ ჩემი კოლეგების აზრი ვიცი, ისინი უფრო ოპტიმისტები არიან, გამოთქვამენ აზრს, რომ პიკს უკვე მივაღწიეთ, ახლა იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი. მე კი მგონია, რომ უახლოესი ერთი კვირა მატება შეიძლება, მაინც იყოს, მაგრამ არ იქნება ასეულები, შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული დღეში, შემდეგ იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი“,- აცხადებს ცერცვაძე.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი რიცხვი 178-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 517 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელებულია 178, ხოლო გარდაცვლილია 6. კარანტინის რეჟიმში 5 153 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 549.
“არ არსებობს შანსი იმუშაო ისე, რომ არცერთი ადამიანი არ დაინფიცირდეს” – თენგიზ ცერცვაძე
