იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ წყალბადის ზეჟანგის წყალში გარევა და დალევა ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. ამის შესახებ იმუნოლოგმა PosTV-სთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით წყალბადის ზეჟანგი მხოლოდ ზედაპირების დასამუშავებლად გამოიყენება და მისი დალევა არ შეიძლება.
„წყალბადის ზეჟანგი ძალიან სერიოზული სადეზინფექციო საშუალებაა. მას ძალიან სერიოზული იონებისა და აგრესიული რადიკალების წარმოქმნის თვისება აქვს. წყალბადის ზეჟანგი გამოიყენება მხოლოდ ზედაპირების დამუშავებისთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ინფექცია იჭრება არა მხოლოდ პირის ღრუთი, არამედ, ყველაზე მეტად – ცხვირის ღრუდან. შესაბამისად, ცხვირში, თვალში, პირში, სადაც ლორწოვანი გარსია, ყველგან რომ წყალბადის ზეჟანგი ჩავიწვეთოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ, შეიძლება, ტოქსიკური რეაქცია მივიღოთ და ჯანმრთელობა ვეღარასდროს გამოვისწოროთ. ამიტომ, ყველას ძალიან ვთხოვ, ამას ყურადღებით მოეკიდონ. დაიცვან ხელის ჰიგიენა, ატარონ პირბადე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ინფექციის გადადების არავითარი რისკი არ არის. არავითარი წყალბადის ზეჟანგი ამას არ სჭირდება, ეს სახალხო მედიცინას არ მიეკუთვნება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იკითხა, რადგან სადეზინფექციოს საშუალებები ვირუსს ძალიან მალე კლავს, რატომ არ შეიძლება მისი დალევა? მოგვიანებით ტრამპმა განმარტა, რომ ეს კითხვა ხუმრობით დასვა.
