კარანტინი ოდესმე დასრულდება და საზოგადოებრივი ცხოვრებაც შედარებით უსაფრთხო გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა ჯერ კიდევ შორეული მომავალია, საზღვრებიც გაიხსნება და მოგზაურობაც ნებადართული გახდება.
კორონავირუსის პანდემიის შემდგომი ტურისტი ეს იქნება სრულიად განსხვავებული ტურისტი, რომელსაც ახალი თვისებები გაუჩნდება.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალში მოგზაურები მაქსიმალურად ბიუჯეტურ მიმართულებებს აირჩევენ და გადაადგილების სახეობისა თუ სასტუმროს შერჩევისასაც არჩევანს შედარებით იაფფასიან ვარიანტზე გააკეთებენ.
ბუნებრივია, ეპიდ–აფეთქების შემდეგ ტურისტისთვის პრიორიტეტული შედარებით უსაფრთხო ადგილები იქნება. თუმცა, ასეთ ადგილებში როგორც წესი, მეტი შეზღუდვაა დაწესებული და უცხოელების მიღებასაც ეჭვის თვალით უყურებენ.
ზოგიერთი ქვეყანა ასეთ სიტუაციაში სარგებლის მიღებასაც შეძლებს და ტურისტებისთვის დამატებით გადასახადს დააწესებს. ბუნებრივია, გარდა ფულადი საშვისა, ვიზიტორებს ჯანმრთელობის ტესტის ჩაბარებაც მოუწევთ.

ექსპერტების პროგნოზით, გადაადგილების მთავარი საშუალება მომავალში კერძო ავტომობილი გახდება და ტურისტები ახლოს მდებარე დანიშნულებების შესწავლას დაიწყებენ. ფრენა კი კარგა ხნის განმავლობაში დიდ რისკთან იქნება დაკავშირებული. რაც ცუდი სულაც არ არის და უფრო მეტი ადამიანი გაეცნობა მშობლიურ ქვეყანას და ბევრ ახალ ღირსშესანიშნაობასაც აღმოაჩენს.
მიუხედავად ჯერ კიდევ საშიში რეალობისა, მოგზაურობაზე უარს ძალიან ცოტა ადამიანი თუ იტყვის. თვითიზოლაციაში ყოფნით დაღლილებს ერთი სული აქვთ რომ გადაადგილება ნებადართული გახდეს და ასეთი რისკი ბევრი ტურისტისთვის გამართლებულიც კია.
