აუქციონის სახლმა RM Sotheby’s გასაყიდად Ferrari F50 გამოიტანა. 1995 წლის საპრემიერო სპორტქარს გარბენი თითქმის არ აქვს.
F50 – მართლაც უნიკალური ავტომობილია და მსოფლიოში მისი 349 ეგზემპლარი არსებობს. აუქციონზე გამოტანილი ლოტი კონვეიერიდან ჩამოსული მეორე მოდელია, რაც მის ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის.
სუპერქარი 1995 წლიდან 2017 წლამდე გერმანიაში ინახებოდა, შემდეგ კი შტატებში გაგზავნეს. 25 წლის განმავლობაში ავტომობილმა მხოლოდ 5425 კილომეტრი გაიარა და შეკეთებაც მხოლოდ ერთხელ დასჭირდა. სპორტქარს საწვავის ავზი შეუცვალეს და სარემონტო სამუშაოებზე 30 ათასი ევრო დაიხარჯა.
Ferrari F50 მოძრაობაში 4,7 ლიტრის მოცულობის ატმოსფერულ V12 ძრავს მოყავს. აგრეგატს 520 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია და ის ექვს–საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. პირველი „ასეულის“ განვითარება სუპერქარს 3,9 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/სთ–ს აღწევს.
წინასწარი ინფორმაციით, ლოტს აუქციონის სახლისთვის 2,5–2,75 მილიონი დოლარის მოტანა შეუძლია. ავტომობილთან ერთად ახალი მფლობელი მიიღებს ასევე სერთიფიკატს, რომელიც მის ისტორიას ოფიციალურად ადასტურებს.






