LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა – ეკატერინე ტიკარაძე

“ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ამას გუშინ კორონავირუსით ინფიცირებული 58 წლის ქალბატონის გარდაცვალება ადასტურებს.

კოვიდ 19-ით 58 წლის ქალი გარდაიცვალა

“დღეისათვის ლეტალობის რიცხვი არის 9. გუშინ გარდაიცვალა ქალბატონი, რომელიც 58 წლის იყო. ჩვენი ექიმები გაცილებით მეტი ყურადღებით იქნებიან სხვა პაციენტებთან მიმართებით, ვინაიდან უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა”, – აცხადებს ტიკარაძე.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მთავრობამ, მოქალაქეების დახმარებით, ვირუსის მართვასთან დაკავშირებით საუკეთესო შედეგი დადო და ახლა უკვე დადგა დრო, რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა კერძო სექტორმაც გამოიჩინოს.

საუნივერსიტეტო კლინიკას 5 გამოჯანმრთელებული ტოვებს, მათ შორის ერთი 13 წლის მოზარდია

მინისტრმა კომპანიებს შრომის ინსპექციის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.

“ჩვენი სურვილია, რომ გახსნის გეგმები დავაჩქაროთ, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორის და ეკონომიკური გუნდის მაღალ პასუხისმგებლობას. იცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური რამდენიმე დღეა მუშაობს იმისთვის, რომ ბიზნესს ხელი შეუწყოს, რომ მათ, მთავრობის გუნდთან ერთად, გახსნის ღონისძიებების დაჩქარება შეძლონ. ამისათვის საჭიროა მათი რეგისტრაცია და მათი მზაობის დაფიქსირება. შრომის ინსპექციის სამსახურისგან უნდა მიიღონ ის კონსულტაციები, რითაც შეძლებენ, უსაფრთხოდ მართონ თავიანთი ბიზნესი როგორც საკუთარი ფირმებისთვის, ასევე სახელმწიფოსა და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამიტომ მე ყველას მოვუწოდებ, რომ დროული დარეგისტრირება და დროული მომზადება მოხდეს, რათა მთავრობის მიერ დაგეგმილი ყველა ღონისძიება შეფერხების გარეშე განხორციელდეს”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 593-მდე გაიზარდა. 

გვყავს ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტი, სტაბილიზირება ვერ ხერხდება – მარინა ეზუგბაია