ისრაელის „ბიოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის“ (IIBR) მკვლავრთა ჯგუფმა უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გააკეთა. მეცნიერებმა დაასრულეს მუშაობა ანტისხეულის ძებნაზე, რომელსაც ახალი კორონავირუსის შტამის დაბლოკვა შეუძლია.
მათ აღმოაჩინეს ადამიანის მონოკლონური ანტისხეული, რომელიც უშუალოდ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგოდაა მიმართული და რაიმე სახის გართულებებს პაციენტებში არ გამოიწვევს. ანტისხეული ორგანიზმში შეჭრილ ვირუსს ებრძვის და ანეიტრალებს.
სენსაციური ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა The Jerusalem Post-მა ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული სპეციალური განცხადების საფუძველზე გაავრცელა.
აღნიშნულზე The Jerusalem Post -თან კომენტარი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმაც გააკეთა – „ვამაყობ ჩვენი ბიოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის პერსონალით, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გააკეთეს. ჩვენი ხალხისათვის დამახასიათებელი კრეატიულობა და გამომგონებლური უნარი ძალიან დაგვეხმარა ამის მიღწევაში“. – განაცხადა მინისტრმა.
ახალ აღმოჩენას სამი ძირითადი პარამეტრი აქვს: ეს არის ახალი და დახვეწილი მონოკლონური ანტისხეული, რომელიც მავნებელი პროტეინების უკიდურესად დაბალ დოზას შეიცავს. მას გააჩნია უშუალოდ ახალი კორონავირუსის ნეირალიზაციის უნარი. ანტუსხეული სპეციალურად კორონავირუსის ყველაზე აგრესიულ ტიპზე გამოიცადა.
„როგორც ჩანს, ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტი“ პირველია მსოფლიოში, რომელმაც გააკეთა ისეთი აღმოჩენა, რომელიც სამივე აუცილებელ პარამეტრს პასუხობს“. – განაცხადა ბენეტმა.
The Jerusalem Post-ის ცნობით, ამ დროისათვის მეცნიერები აღმოჩენის დაპატენტებაზე მუშაობენ, რის შემდეგაც არაერთი კვლევა ჩატარდება, რასაც რამოდენიმე თვე დასჭირდება.
„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზემოაღნიშნული აღმოჩენა უდიდესი ნაბიჯია ახალი კორონავირუსის სამკურნალო საშუალების პოვნის გზაზე, თუმცა ეს არ იქნება ვაქცინა“. – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ „ისრაელის ბიოლოგიური კვლევითი ინსტიტუტი“ ერთ-ერთია იმ სამეცნიერო დაწესებულებებს შორის, სადაც ახალი კორონავირუსის ვაქცინაზეც მუშაობენ. ინსტიტუტმა სავარაუდო ვაქცინის გამოცდა უკვე დაიწყო მღრღნელებზე. IIBR ასევე ჩართულია კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის შეგროვების პროცესშიც, რომელსაც შესაბამისი კვლევებისათვის გამოიყენებენ.
ისრაელის კიდევ ერთმა მკვლევართა ჯგუფმა MigVax-იდან ზემდგომ ორგანოებს უკვე აცნობა იმის შესახებ, რომ ახლოს არის ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნის პირველი ფაზის დასრულებასთან.
ისრაელში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსის 16289 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელებულია 10464, გარდაცვლილია 238 ადამიანი.
