LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ არ გვაქვს არც პლატო, არც ვაკე, გვაქვს გარკვეული ტეხილი“ – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “ღამის კურიერში“ საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. კითხვაზე, როდის დაეშვება ქვეყანა ვირუსის გავრცელების პლატოდან ვაკეზე, აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელება ქვეყანაში ჰგავს არა ვაკეს ან პლატოს, არამედ ტეხილს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში პოზიტიური დინამიკაა, არის მნიშვნელოვანი “ნახტომები” დღეში 30-მდე დაინფიცირებულის სახით.

„პირველ რიგში, ამ კითხვაზე პასუხს გავცემდი, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ თბილისის უბნებზე და არ გვაქვს არც პლატო, არც ვაკე. თუმცა, ეს არის ტერმინი, რომელსაც ჩვენც ვიყენებთ ეპიდსიტუაციის აღწერისთვის. რეალურად, რომ დავაკვირდეთ მონაცემებს, რომელიც გვაქვს ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს გარკვეული ტეხილი. უკვე შეგვიძლია შემოვიტანოთ ახალი ტერმინი, რომელიც ყოველდღე მნიშვნელოვნად განსხვავებულ რიცხვებს აღნიშნავს. ამ მიმართულებით გვაქვს საკმაოდ კარგი დინამიკა. ორი კვირის წინ ვაკვირდებოდით დაინფიცირებული ადამიანების მნიშვნელოვან ზრდას, რაც დღეისათვის კლებაშია. თუმცა, ამ კლების პროცესში, ჩვენ გვაქვს ისეთი დღეები, როდესაც გარკვეული ნახტომია და გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც 20 და 27 ინფიცირებული გვყავს დღის განმავლობაში“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში.

საგანგებო მდგომარეობის დამთავრებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ კომენტარის გაკეთება ნაადრევია, თუმცა აცხადებს, რომ წესების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში, პოზიტიური პროგნოზის საშუალებას დღეს არსებული მონაცემები იძლევა.