LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაურობა კორონავირუსის ეპოქაში: რა უნდა მოხდეს მანამ, სანამ ფრენები აღდგება

პანდემიამ მთელი მსოფლიო მოიცვა. მოგზაურები არათუ ქვეყნის საზღვრებს, არამედ საკუთარ სახლებსაც ვეღარ ტოვებენ და ფრენაც ძალიან შორეულ პერსპექტივად იქცა. ექსპერტები დაინტერესდნენ, თუ როგორ შეცვლის საჰაერო ინდუსტრიას COVID-19, როგორ შევძლებთ ფრენას მას შემდეგ რაც „საავიაციო კარანტინი“ დასრულდება… სიტუაციის დარეგულირება ხელისუფლებას და ავიაკომპანიებს ერთობლივი ძალისხმევით მოუწევთ და არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა გადაჭრაც ფრენების აღდგენამდე აუცილებელი იქნება.

საერთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვა უნდა გაუქმდეს

ქვეყნების უმრავლესობას საზღვრები ჩაკეტილი აქვს და მანამ სანამ საერთაშორისო ფრენები აღდგება – ეს შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს. ის ავიაკომპანიები რომლებიც ოპერირებას დღემდე განაგრძობენ და საერთაშორისო რეისებსაც ასრულებენ,  მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს ემსახურებიან და უცხოელებზე მკაცრი რეგულაცია აქვთ დაწესებული. ბუნებრივია, ნორმალური ცხოვრების დაბრუნებამდე თითოეულ ავიაკომპანიას ბევრი ეტაპის გავლა მოუწევს და სახელმწიფო ამ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული.

თვითმფრინავების შემოწმება და შეკეთება

კორონავირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებული ავიალანიერების უმრავლესობა უძრავად დგას. ბუნებრივია, მანამ სანამ ისინი ფრენას განაახლებენ სერიოზული შემოწმების გავლა მოუწევთ.

სპეციალისტებს სურთ, რომ ლაინერების სერთიფიცირების პროცესი დაიწყონ და თითოეული ხომალდი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით დატესტონ. სავარაუდოდ, ბევრი თვითმფრინავი აღარც შეკეთდება და მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე 800-დან 1000-მდე ლაინერის უტილიზაციას ვარაუდობენ.

ბევრი ავიაკომპანია ფორმაში ყოფნას პერიოდული ფრენებით აგრძელებს. მაგალითად, ამერიკული Southwest Airlines ცარიელი ბორტით დაფრინავს, რაც დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული. თუმცა, კომპანიის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ უძრავად ყოფნით ხარჯი ბევრად უფრო მეტი იქნება. თანაც, როდესაც ფრენები აღდგება ისინი მზად იქნებიან და სარემონტო სამუშაოებზე დროს არ დაკარგავენ.

ჩინეთის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ქვეყანამ პანდემია დაამარცხა და შიდა ფრენებსაც ნელ-ნელა აბრუნებს. ბოლოს ჩატარებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ მგზავრთა ნდობის მაჩვენებელი უკვე 60%-ს აღწევს.

ავიაკომპანიებს და აეროპორტებს ახალი თანამშრომლები დასჭირდებათ

თვითმფრინავები არ არის ერთადერთი რაც წყობიდან გამოვიდა და მსოფლიოს გარშემო ათასობით ბორტგამცილებელი თუ აეროპორტის თანამშრომელი სამსახურიდან წავიდა, ზოგი კი უბრალოდ გაათავისუფლეს. ამ ადამიანების უკან დაბრუნება თუ ახალი თანამშრომლების მოძიება ფრენების აღდგენამდე უნდა მოხდეს.

საერთაშორისო წესების მიხედვით, პილოტს რომელსაც რამდენიმე თვე არ უფრენია, მგზავრების გადაყვანამდე რამდენიმე საათიანი პრაქტიკის გავლა მოუწევს. ამ სავარჯიშოს შესრულება ძირითადად ფრენის სიმულაციით ხდება ხოლმე.

იმის მიხედვით, თუ რამდენი ხანი დაისვენეს, გადამზადება დასჭირდებათ ბორტის წევრებსაც. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად დიდ ბრიტანეთსა და შვედეთში, ბორტგამცილებლები მოხალისეებად გადაამზადეს და ისინი ამ დრომდე საავადმყოფოებში მუშაობენ. შესაბამისად, ამ ადამიანების უკან დაბრუნებასაც გარკვეული დრო დასჭირდბეა. ეს პროცესი შეეხებათ ასევე აეროპორტის თანამშრომლებსაც.

სამწუხაროდ, სამსახურს ყველა ადამიანი ვერ დაიბრუნებს. ფრენები ეტაპობრივად აღდგება, შესაბამისად, ათასობით ადამიანი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში სამსახურის გარეშე იქნება.

აეროპორტების პოსტ-პანდემიურ მოთხოვნებზე ადაპტირება

მოგზაურთა ნდობის დასაბრუნებლად საჰაერო ინდუსტრიას ახალი რეგულაციების შემოღება მოუწევს. პირველ რიგში კი ეს აეროპორტებს ეხება. თანაც ახალი წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ავიაბაზებს შორის შეთანხმებული უნდა იყოს, რათა მოგზაური არ დაიბნეს და ზუსტად იცოდეს სად რა ელოდება. იქნება ეს ჯანმრთელობის სკრინინგი თუ ნიღბების ტარების ვალდებულება.

ყოველშემთხვევაში მგზავრთა მოლოდინი ძალიან მაღალი იქნება. ამას ადასტურებს ჩინეთის მაგალითი, სადაც თითოეულ მგზავრს სიცხეს ფრენამდე 3-4-ჯერ მაინც უზომავენ. ამას ემატება ტექნოლოგიური აღჭურვილობა – სახის ამომცნობი სისტემა, თითის ანაბეჭდები და თვალების სკანირება – რაც მეტი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.