LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი შანსები იზრდება, მსოფლიოში მოთხოვნადი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი გახდება

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, ეკო და აგრო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, ასევე დაცული ტერიტორიები და მთის კურორტები –  ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს ტურიზმის ის მიმართულებებია, რომლებიც პანდემიის დასრულების შემდეგ, მთელი მსოფლიოსთვის უფრო მეტად აქტუალური გახდება. ნათია თურნავა ფიქრობს, რომ სწორედ ამ ტენდენციის გამო, საქართველოს ექნება დიდი უპირატესობა ტურისტების მოზიდვის კუთხით.

„კიდევ ერთი ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ ახალი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე გაგვაჩნია ის ახალი მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტები, რომელიც პანდემიის შემდეგ უფრო მეტად აქტუალური გახდება მთლიანად მსოფლიოსთვის. ეს არის ისეთი ტიპის აქტივობები, რომელიც დაკავშირებულია ღია სივრცესთან, სადაც შესაძლებელია, რომ ადამიანების ერთ ადგილზე ზედმეტი თავმოყრის გარეშე მივაწოდოთ ხარისხიანი ტურისტული სერვისები. ეს არის: სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, ეკო და აგრო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, დაცული ტერიტორიები, მთის კურორტები,“ – განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა აქვე ტურიზმის ინდუსტრიის გახსნის სამი ეტაპიც დაასახელა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ინდუსტრიის მომზადება მოხდება; მეორე ეტაპზე – 15 ივნისიდან, ადგილობრივი ტურიზმი აღდგება; მესამე ეტაპზე კი, საერთაშორისო ტურისტებს მივიღებთ.