ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ „საქართველომ უნდა შეიძინოს ახალი იმიჯი – ეს არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი“.
ნათია თურნავას თქმით, თუ აქამდე მსოფლიო საქართველოს იცნობდა, როგორც უძველესი ტრადიციების მქონე, სტუმართმოყვარე, ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გახსნილ ქვეყანას, რომელსაც აქვს უნიკალური ბუნება თუ ისტორია, ახლა მსოფლიო ხელახლა გაიცნობს, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანას.
„ამის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს ის ახალი, კონკურენტული უპირატესობები, რომელიც ჩვენ, როგორც ქვეყანამ, შევიძინეთ პანდემიასთან ბრძოლაში, ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული ჩვენი წარმატება და ასევე სრულიად უნიკალური გამოცდილება და უნარ-ჩვევები, რაც შეიძინა ტურიზმის ინდუსტრიამ და მასში დასაქმებულმა ადამიანებმა საკარანტინე ზონების მომსახურების, შესაბამისი სერვისების გაწევის ფარგლებში. ეს ძალიან მასშტაბური პროგრამაა, რომელშიც ჩართულია 83 სასტუმრო, პრაქტიკულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით“ – აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო იქნება მზად, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები.
