LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ მედიკოსებს, რომელთაც მასშტაბური კატასტროფისგან გვიხსნეს” – ბუბა კიკაბიძე

გადაცემის ლაივი LIVE

5 მაისს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM” ბატონი ბუბა კიკაბიძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა და ყველაზე შთამბეჭდავი კონცერტები გაიხსენა.

– ბატონო ბუბა, როგორ გრძნობთ თავს თვითიზოლაციაში?

– პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ მედიკოსებს, რომელთაც მასშტაბური კატასტროფისგან გვიხსნეს. ვფიქრობ, სწორედ მათ უნდა გავუწიოთ ანგარიში, ცოტა მივეხმაროთ და რადგან სახლში დარჩენას გვთხოვენ, აუცილებლად გავითვალისწინოთ მათი თხოვნა.

– როგორ შეიძლება თვითიზოლაციის სასარგებლოდ გამოყენება?

– პირადად მე სცენარის დასრულება მოვახერხე და უამრავი კარგი ფილმი ვნახე, რომლისთვისაც მანამდე არასდროს მქონდა დრო. რა თქმა უნდა, თავიდან ძალიან გამიჭირდა, თუმცა მივხვდი, რომ მსგავსი შეზღუდვა ისევ ჩვენს სასარგებლოდ დაწესდა, ამიტომ არც წინააღმდეგობის გაწევის სურვილი გამჩენია.

– დიდი ხანია შევეჩვიეთ, რომ ყოველ ზაფხულს ბათუმში მასპინძლობთ თაყვანისმცემელს გრანდიოზული კონცერტით, წელს რა გეგმები გაქვთ?

– რა თქმა უნდა, ტრადიციული კონცერტი წლევანდელი ზაფხულისთვისაც იგეგმებოდა, თუმცა ახლა წარმოდგენა არ მაქვს, რა იქნება. ბათუმში მამა დაიბადა, განსაკუთრებით მიყვარს ეს ქალაქი და საკუთარ დაბადების დღესაც ყოველთვის იქ ავღნიშნავ.

– გასულ წელს თქვენმა შვილთაშვილმა გახსნა სადღესასწაულო კონცერტი. საინტერესოა, ისიც მუსიკოსობას ხომ არ აპირებს?

– ალექსანდრეს აბსოლუტური სმენა აქვს, ძალიან კარგად მღერის და ცეკვავს, თუმცა ჯერ თვითონაც არ იცის, რა უნდა.

– უამრავი კონცერტი გამართეთ მრავალწლიანი კარიერის მანძილზე, განსაკუთრებით რომელ საღამოს გაიხსენებთ?

– იტალიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში გამართული კონცერტები მახსენდება ყველზე კარგად, უამრავი ემიგრანტი მეწვია და ყველა გულაჩუყებული ტიროდა, რადგან შევძელი და საკუთარი სიმღერით სამშობლოში დავაბრუნე.

– გასული წლის დეკემბერში მინსკში თქვენი ცნობილი პერსონაჟის ძეგლი დაიდგა ფილმიდან “მიმინო”. რამდენად მოულოდნელი აღმოჩნდა თქვენთვის ამგვარი პატივი?

– მინსკის უზარმაზარ პარკში უამრავი ცნობილი ადამიანის ძეგლია, რომელთაგან პირველი სწორედ “მიმინოს” მიეძღვნა, რაც მოულოდნელი, თუმცა ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა.