LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არა თუ გადარჩება, არამედ იმაზე მეტად ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო – ნათია თურნავა

“სიმბოლურია, რომ მიუხედავად ყველა გამოწვევისა, ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არა თუ გადარჩება, არამედ იმაზე უფრო მეტად ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო,”-ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის დაწყების პრეზენტაციაზე გააკეთა.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ამ კრიზისიდან ქვეყანა იმაზე მეტად ძლიერი გამოვა, ვიდრე აქამდე იყო.

„საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, რომელიც დაზარალებული ტურისტული სექტორის მხარდაჭერისკენაა მიმართული, საკმაოდ ეფექტურია და ამ ფონზე შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ არსებული სასტუმროების შენარჩუნება, არამედ ახალი კომპლექსების მშენებლობის დაწყებაც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საწინდარი კიდევ უფრო ძლიერი ტურისტული სექტორისა საქართველოში. ამ კრიზისიდან ჩვენ უფრო ძლიერები გამოვდივართ, ვიდრე ვიყავით“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ცნობისთვის, ნათია თურნავამ დღეს მონაწილეობა მიიღო სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, რომელიც 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს. პროექტი 521 პრემიუმ კლასის აპარტამენტსა და Marriott International-ის საერთაშორისო ბრენდ სასტუმრო aloft-ის 119 სასტუმრო ნომერს მოიცავს. სასტუმრო კომპლექსის პრეზენტაციაში ასევე მონაწილეობდა აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე.

ნათია თურნავას განცხადებით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 70 მლნ ლარია, ხოლო უშუალოდ კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებზე 200 ადამიანი დასაქმდება.