ღია სივრცის მქონე კვების ობიექტები მუშაობას დღეიდან შეძლებენ.
თუმცა ჯანმდაცვის სამინისტრო, კონკრეტულ რეგულაციებს გასცემს, რომელთა შესრულება მსგავსი ტიპის ობიექტებისთვის სავალდებულოა. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ დღეიდან რესტორანში წასვლას გეგმავთ, ადგილები წინასწარ უნდა დაჯავშნოთ.
გარდა ამისა, ობიექტი ვალდებულია, მომხმარებელს და პერსონალს თერმოსკრინინგი ჩაუტაროს. აუცილებელია პირბადის ტარება და ორმეტრიანი დისცანტიის დაცვა. რესტორანში, თითოეულ მაგიდასთან არ უნდა განთავსდეს 6 ადამიანზე მეტი. რეკომენდაციების თანახმად, კვების ობიექტმა უნდა უზრუნველყოს სტუმრებისათვის ერთჯერადი მენიუს შეთავაზება.
დღეიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება: რა შემთხვევაში დაიშვებით სავაჭრო ობიექტებში
გაეცანით სრულად ჯანმდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, რომელთა დაცვაც კვების ობიექტებისთვის სავალდებულოა:
ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდების ერთ მაგიდასთან განთავსება.
ამასთან ერთად, მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია და ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს.
იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ორმეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია დროებითი დამცავი ბარიერის გამოყენება. „გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი; სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;
უზრუნველყავით შენობების გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო სივრცეს შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამავე რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაციით, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, შესაძლებელია ხელოვნური ვენტილაციის გამოყენება, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით.
რაც შეეხება მენიუს, რეკომენდირებულია, რომ სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუ იქნას შეთავაზებული, ხოლო ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის უნდა განთავსდეს სადეზინფექციო საშუალებები.
რაც შეეხება მოთხოვნებს ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის, ამ შემთხვევაში მაგიდებისა და სტუმრების განლაგების მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე კვების ობიექტების მსგავსია.
კვების ობიექტებისთვის ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს, წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებას და უნაღდო ანგარიშსწორებისთვის უპირატესობის მინიჭებას.
რეკომენდაციები ასევე მოიცავს მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლების გამოყენებას და დასუფთავების გამკაცრებულ ზომებს საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.). კერძოდ, დასუფთავებისთვის უნდა დაწესდეს პერიოდული 2-საათიანი რეჟიმი.
