“მქონდა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან, ასევე ეკონომიკის მინისტრთან, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ 1 ივნისიდან გაიხსნა ღია კაფეები, თუმცა არის სპეციალური წესები”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერმა კაფეებსა და რესტორნებისთვის კიდევ ერთხელ გააჟღერა წესები, რომლებიც უნდა დაიცვან.
„კაფეებსა და რესტორნებში მაგიდებს შორის დაცული უნდა იყოს დისტანცია, რის გამოც ისინი იმ რაოდენობით მაგიდებს ვერ განათავსებენ, რამდენსაც აქამდე ახერხებდნენ. ღია კაფეებს, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე, დროებით მივცემთ შესაძლებლობას, გამოიყენონ მიმდებარე დამატებითი არსებული ფართები და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც არის მოთხოვნა, რომ დაცული იყოს ყველა ადამიანის უსაფრთხოება.
გეძლევათ დროებით იმის შესაძლებლობა, რომ მუნიციპალური ფართები გამოიყენოთ და ისე განათავსოთ მაგიდები, რომ არ მოექცეთ მხოლოდ თქვენივე საკუთრებაში. შეგიძლიათ გაშალოთ ისე, რომ დაიცვათ სოციალური დისტანცია და მითითებები, რომელიც გაწერილია ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლში. ეს არის დროებით ღონისძიება, ვიდრე ვართ ამ რთულ ვითარებაში, რათა დაგეხმაროთ. ამას საზოგადოება გაიგებს – ერთმანეთის თანადგომა და ბიზნესის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
