LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზების რეაბილიტაციისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორი თანხების გაფლანგვისთვის დააკავეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე, შპს „ორბიტას“ დირექტორი მ.კ. დააკავეს „ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ გზის რეაბილიტაციისთვის აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერში გამარჯვებულ შპს „ორბიტას“ ავანსად 188 ათასი ლარი გადაურიცხა. აქედან კომპანიამ მხოლოდ 43 535 ლარის სამუშაოები შეასრულა, დანარჩენი თანხა კი გაფლანგა. დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ, ხულოს მუნიციპალიტეტში „ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ორბიტას“ დირექტორმა მ.კ.-მ, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას წარადგინა ხელშეკრულების შესრულების და საავანსო გადახდის უზრუნველყოფის ყალბი საბანკო გარანტიები, რის საფუძველზეც შპს „ორბიტას“ საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა ავანსის თანხა 188 000 ლარი, საიდანაც მხოლოდ 43 535 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა, ხოლო ავანსის დარჩენილი თანხა – 144 465 ლარი, შპს „ორბიტას“ დირექტორმა მ.კ.-მ სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით გაფლანგა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა” – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე  ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 182-ე მუხლის მეორე  ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინება, რაც  7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.