24 წლის მეკო ჩიტიშვილი ძალიან პოზიტიური და დადებითი ადამიანია. “ფორტუნა” მეკოს ესაუბრა, რომლის ცხოვრება რამდენიმე კვირის წინ რადიკალურად შეიცვალა, მას შემდეგ, რაც ექიმების დიაგნოზით მას სარკომა დაუდგინდა.
მანამდე კი…
მეკო თსუ-ში გეოგრაფიის მიმართულებით სწავლობს. ის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტია. ამბობს, რომ ამ პროფესიის არჩევა ბუნების სიყვარულმა განაპირობა. ბუნებაში სიარული მისთვის დღემდე ყველაზე დიდი განტვირთვის საშუალებაა.
მეკო კასპში ცხოვრობდა. მე-7 კლასიდან, მშობლებთან და ძმასთან ერთად, საცხოვრებლად მცხეთაში, სოფელ ქსანში გადავიდა. ბავშვობიდან საუკეთესო მოგონებები აქვს, რომელსაც სიამოვნებით იხსენებს.
„ცხოველები ძალიან მიყვარს, უბანში ქუჩის ძაღლებსა და კატებს ბავშვებთან ერთად ვუვლიდი. ვცდილობდით საჭმელი გვეყიდა მათთვის. მახსოვს, ერთხელ ქსანში ლეკვები ვიპოვნეთ, შემდეგ ყველა ერთად ვზრუნავდით მათზე“.

მეკოს ცხოვრება რამდენიმე კვირის წინ რადიკალურად შეიცვალა. ყველაფერი ფეხის ტკივილით დაიწყო, რომელიც მუხლიდან ბარძაყის მიმართულებით ჰქონდა. ტკივილი ისეთი გაუსაძლისი იყო, რომ ნემსებს იკეთებდა. ექიმებმა თავდაპირველად ვერაფერი გაიგეს. გოგონამ მკურნალი ექიმის რჩევით „მრტ“ გაიკეთა. მოგვიანებით ბიოფსია, სადაც გამოიკვეთა, რომ სარკომა ჰქონდა.
„დედა არ მეუბნებოდა, მისთვის ეს შოკი იყო, არ უნდოდა მენერვიულა. მაგრამ ვინაიდან მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, მეც მითხრეს. სიმართლე გითხრათ, ჩემ თავზე ნაკლებად ვინერვიულე, უფრო დედას ვამშვიდებ, ძალიან განიცდის. მეგობრები ამომიდგნენ გვერდში, ვხედავ როგორ ცდილობენ ჩემთვის უცნობი ადამიანები ჩემ დახმარებას. იცით, აქამდე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი გაერთიანება ადამიანის გადასარჩენად შესაძლებელი იყო, ახლა სულ უფრო ხშირად ვფიქრობ ამაზე”.

მეკო ამბობს, რომ უფლება არ აქვს ცუდზე იფიქროს, სწორედ იმ მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელსაც ადამიანებისგან გრძნობს. სრულიად უცხო ადამიანები ურეკავენ და ამხნევებენ.
“ზოგს იგივე დიაგნოზი ჰქონდა და ალბათ, მათ ყველაზე უკეთ ესმით ჩემი. უფლება არ მაქვს ცუდზე ვიფიქრო. სიმსივნე წვივის ძვალზე უკვე მოდებულია, ოპერაცია და ქიმიებია აუცილებელი. არ ვიცი საქართველოში რამდენად მოხერხდება მკურნალობა, გავიგე, რომ მკურნალობა შესაძლებელია გერმანიაში, ავსტრიაში, თურქეთში. შეიძლება საჭირო იყოს ბუნებრივი ძვლის გადანერგვა ან ინპლანტის ჩადგმა. ექიმებმა მითხრეს, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო”.
მეკოს იმედი აქვს, რომ მალე ყველაფერი ჩაივლის. კითხვაზე როგორ წარმოუდგენია თავისი ცხოვრება 10 წლის მერე, ვარაუდობს, რომ ამ დროისთვის საკუთარ ოჯახი ექნება. სურს თავისი საყვარელი საქმე აკეთოს და სამსახური ჰქონდეს. გარდა ამისა, ამ დაავადების დამარცხების შემდგომ, მეკო მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანების დახმარებას გეგმავს.
“მინდა ყველა ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო თითოეული თეთრისთვის, რომელიც ჩემთვის გაიღეს. მათ კი, ვინც ჩემსავით ებრძვის ამ დაავადებას, ვეტყვი, რომ აუცილებელია ფსიქოლოგიური სიმშვიდე, საკუთარი თავის ხელში აყვანა და იმედიანად ყოფნა”.
#მეკოსთვის – ანგარიშის ნომრებია:
საქართველოს ბანკი: #GE83BG0000000161685609
მიმღები – სალომე თაბაგარი;
თიბისი ბანკი: #GE93TB7551945061100035
მიმღები – თორნიკე მკალავიშვილი.
