LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფრასტრუქტურული პროექტები თითქმის დასრულებულია, ტრანსპორტზე ველოსამაგრები დამონტაჟდება, მზიურში ახალი პროექტი იგეგმება

დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. კახი კალაძის განცხადებით, რამდენიმე პროექტი დასასრულს უახლოვდება, მათ შორისაა გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია. მერის თქმით, ბოლო ფენების მოასფალტება დასრულდა, ახლა მიმდინარეობს შშმ პირებისთვის პანდუსების გაკეთება, ველობილიკების მოწყობა, გარე განათებების დამონტაჟება და ბოლო ეტაპზე მოხდება დახაზვითი სამუშაოები. კალაძის თქმით, გლდანის პროექტი ათ დღეში საბოლოოდ დასრულდება.

“ვეკუა და ხიზანიშვილის ქუჩაზე დასრულებულია სამუშაოები ზედა ფენებში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ პროექტი დასრულებულია. ახლა შშმ პირებისთვის ვაკეთებთ პანდუსებს, უნდა მოვაწყოთ ველობილიკი, დავამონტაჟოთ გარე განათებები და ბოლოს დახაზვითი სამუშაოები განხორციელდება. საგზაო ნაწილში მოასფალტება უკვე მორჩა და მთლიანად სამუშაოები ათ დღეში დასრულდება” – განაცხადა კახი კალაძემ.

მერის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია ბარათაშვილის ქუჩაზეც, სადაც პანდუსის პრობლემა მთლიანად მოგვარდა. რეაბილიტაციის ფარგლებში გარე განათებების მოწესრიგება მიმდინარეობს.

მოასფალტების ბოლო ეტაპი დაიწყო ჭავჭავაზის გამზირზეც, სადაც კალაძის განმარტებით, პროცესი ორშაბათს უკვე დასრულდება. შემდგომი ეტაპი გამწვანებასა და მოპირკეთებას დაეთმობა, ხოლო ბოლო ეტაპზე დახაზვითი სამუშაოები შესრულდება. მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდება ყველაზე პოპულარული და კომფორტული გადაადგილების საშუალება.

კახი კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკაში განსახორციელებელ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში ევროპული მაგალითი დაინერგება. კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ველოსიპედით მოძრაობა ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა, ამიტომ მერია ახალ პროექტზე მუშაობას დაიწყებს, რაც გულისხმობს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ველოსიპედის მისამაგრებელი საშუალებების დამონტაჟებას. პროექტზე მუშაობის დავალება კალაძემ უკვე გასცა.

“ჩვენი მთავარი ამოცანა არის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარება. ამ მხრივ დიდ ყურადღებას ვუთმობთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ის უნდა იყოს ყველაზე სწრაფი და და მუშაობდეს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. თბილისში ველოსიპედი ძალიან პოპულარული გახდა. იცით, რომ ველოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ატანა აკრძალულია, ამიტომ ჩვენ ევროპის მაგალითს გადმოვიტანთ. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამონტაჟდება სამაგრები, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ მიამაგრონ ველოსიპედი, მგზავრობის დასრულების შემდეგ ჩამოხსნიან და გააგრძელებენ მოძრაობას”, – განაცხადა კახი კალაძემ.

მერიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მზიურის პარკში ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტი განახორციელებს ორ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქციას. ვაპირებთ იქ მედიათეკის გაკეთებას, თუმცა მედიათეკა შინაარსობრივად ცოტა სხვა რამეს მოიცავს და შენობა-ნაგებობა კი იქ პატარაა. იცით, „მზიურში“ არის სოციალური საწარმო, “მზიურის კაფე”, ანა გოგუაძე და მისი გუნდი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ იქ არსებული სიტუაცია იყოს მაღალ დონეზე. გვაქვს ანასთან და მის გუნდთან აქტიური კომუნიკაცია, გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტი – ე.წ. გალერეა-მედიათეკა დავარქვათ. ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ და შემდეგ უკვე დასრულებულ პროექტს, ამ სოციალურ საწარმოს ანა გოგუაძეს და მის გუნდს გადავცემთ”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.