LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ხედავ როგორ უბრუნებენ ადამიანს სიცოცხლეს, ეს არის უზარმაზარი ადრენალინი – ექიმი თათა ქაჩიბაია გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”

გადაცემის ლაივი LIVE

რა ტიპის ადგილია ,,რეანიამცია” და რა დახმარებას უწევენ იქ ადამიანებს, რა ჩვენებებია საყურადღებო პაციენტის რეანიმაციაში მოთავსებისთვის, როდის ითვლება პაცინეტი მძიმედ და როდის სტაბილურად და რომელი დაავადებებია საშიში და საყურადღებო მართვის კუთხით, რომ ადამიანს საბოლოოდ არ დასჭირდეს ინტენისური თერაპია – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მიმღები და რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა თათა ქაჩიბაიამ ისაუბრა.

– ქალბატონო თათა, დიდი მადლობა სტუმრობისათვის. ვიდრე უშუალოდ დღევანდელი გადაცემის თემაზე გადავიდოდეთ და გკითხავდეთ ინტენსიური თერაპიის როლზე ადამიანის ცხოვრებაში, არ შემიძლია არ გკითხოთ უახლესი კვლევის შესახებ, რომელიც მსოფლიომ აიტაცა. საუბარია პრეპარატ „დექსამეტაზონის“ ეფექტურობაზე კოვიდ-ინფექციასთან ბრძოლაში. კვლევამ უჩვენა, რომ იმ პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ ჟანგბადი ან ფილტვების ვენტილაცია, „დექსამეტაზონმა“ 1/3-ით შეამცირა სიკვდილიანობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი ჯერ ისევ კვლევის პროცესშია, მაინც მინდა გკითხოთ „დექსამეტაზონზე“ – რა დატვირთვის პრეპარატია ეს და როდის გამოიყენება? რა ტიპის კავშირი შეიძლებოდა დაენახათ ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებს, რომლებმაც ამ პრეპარატის კვლევა დაიწყეს Covid-19-თან მიმართებაში?

თათა ქაჩიბაია: „დექსამეტაზონზე“ კვლევები აქამდეც მიმდინარეობდა და მიუხედავად იმისა, რომ იგი რაიმე გაიდლაინით სპეციალურად ამ ინფექციის სამკურნალო საშუალებად არ მიიჩნეოდა, მისი გამოყენება ნებადართული იყო. მაგრამ ოქსფორდის კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატმა კრიტიკულ პაციენტებში სიკვდილიანობა საგრძნობლად შეამცირა. ხანდახან ყველაზე რთული შესაძლოა მარტივით გადაწყდეს და შესაძლოა ეს იაფი და ხელმისაწვდომი საშუალება იყოს მართლაც ხსნა ამ დაავადებისგან. რა შეიძლება ითქვას „დექსამეტაზონზე“? – ეს გახლავთ სტეროიდი, გამოიყენება სხვადასხვა ანთებითი პროცესების და ალერგიული რეაქციების დროს. რასაკვირველია „დექსამეტაზონი“ აფთიაქებიდან არ უნდა გაქრეს იმიტომ, რომ მისი თვითნებური გამოყენება არ შეიძლება. როგორც ყველა სხვა მედიკამენტს, „დექსამეტაზონსაც“ აქვს უკუჩვენებები და ის მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა იქნას გამოყენებული. რასაკვირველია ჩვენ კოვიდ-პაციენტებთანაც ვიყენებთ ამ მედიკამენტს. ეს კვლევა ერთ-ერთი სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია და იმედი გვაქვს, რომ დაავადებას კიდევ უფრო კარგად გავიცნობთ და გვექნება კიდევ უფრო გამართული პროტოკოლი, რომლის საშუალებითაც კოვიდ-ინფექციასთან ვიბრძოლებთ.

– სიტყვა რეანიმაციის ხმარებისას ადამიანებს აქვთ შიში რაღაც დაუძლეველის. ცხადია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც მედიცინაში ჩახედული არ არიან, ეს სიტყვა რაღაც ძალიან საშიშთან ასოცირდება. თუ შეიძლება, რომ დღეს განვმარტოთ რა ტიპის ადგილია ეს და რა ტიპის დახმარებას იღებს რეანიმაციაში ადამიანი?

თათა ქაჩიბაია: დიახ, ეს სიტყვა შიშს მართლაც ბევრში იწვევს, ამიტომ ბევრ კლინიკაში სიტყვა რეანიმაციას აღარ მოიხმარენ. განყოფილებას რეანიმაციის მაგიერ  შეიძლება ერქვას ინტენსიური თერაპიის ან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი. უცხოეთის ბევრ კლინიკაშიც ასეა. მარტივად რომ ვთქვათ, რეანიმაცია, ეს არის ადამიანს მობრუნება სიცოცხლისკენ. როდესაც ადამიანს აქვს პოლიორგანული დაზიანება და იგი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, სწორედ მაშინ სჭირდება მას შესაბამისი დახმარება. მე მესმის, რომ ეს სიტყვა ბევრ ადამიანში ცუდ ასოციაციას იწვევს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ამ განყოფილების და რეანიმატოლოგების წყალობით გადარჩა და ცხოვრებას დაუბრუნდა.

– ქალბათონო თათა, არის თუ არა რაიმე ჩვენებები, თუნდაც გაიდლაინით გაწერილი, რომელთა არსებობის დროსაც თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას, რომ პაციენტი უნდა მოთავსდეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში? თუ ეს სიტუაციურად წყდება?

თათა ქაჩიბაია: რასაკვირველია პაციენტის მდგომარეობა ფასდება სიტუაციურად, ადგილზე, და შემდეგ წყდება სჭირდება თუ არა მას ინტენსიური თერაპია. რასაკვირველია ყველა პაციენტი იქ არ ხვდება, რადგან თუ არ არის ამის საჭიროება, პაციენტს ამ განყოფილებაში მოხვედრამ შესაძლოა ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენოს. როგორც აღნიშნეთ, რეანიმაციაში პაციენტებზე 24 საათიანი მონიტორინგი ხორციელდება. 24 საათის განმავლობაში კონტროლდება პაციენტების სასიცოცხლო პარამეტრები, არის ექთნის 24 საათიანი პოსტი, ექიმი მუდამ პაციენტთან არის. რაც შეეხება იმას, თუ რა პრინციპით ხვდება პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს. თუ სახეზეა ნერვული სისტემის, სასუნთქი ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის, შარდ-სასქესო ან ნებისმიერი სისტემის სერიოზული დაზიანება, რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს, ასეთი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გადადის.

– მინდა გკითხოთ კომატოზოიდურ მდგომარეობაზე. რა მდგომარეობაა ეს და რაზეა დამოკიდებული ამ მდგომარეობიდან გამოსვლა?

თათა ქაჩიბაია: კომა, ეს არის ადამიანის ცნობიერების დათრგუნვა. შეიძლება ეს იყოს გამოხატული სომნოლენციით, რაც ძილიანობას ნიშნავს ან სოპორით, რომელიც უფრო გაღრმავებული მდგომარეობაა და არის კომა, ცნობიერების დათრგუნვის ყველაზე მაღალი ხარისხი. რაც შეეხებათ კომიდან გამოსულ პაციენტებს, მათ ნაწილს არაფერი ახსოვს. ბოლო რაც ახსოვთ ის მომენტია, რომელიც კომამდე იყო. არიან პაციენტები, ვინც ამბობს რომ ამ დროს რაიმე ესმოდათ ან ხედავდნენ. ეს ძალიან ინდივიდუალურია და სიმართლე გითხრათ, მე არ ვუსვამ ხოლმე პაციენტებს მსგავს კითხვას.

– ყველაფერი, რასაც თქვენ ყვებით მოითხოვს უდიდეს ემოციურ და ფსიქოლოგიურ ძალისხმევას, რადგან თქვენ ხელმძღვანელობთ განყოფილებას, რომელშიც სათითაოდ ყველა პაცინეტთან გაქვთ კომუნიკაცია, ყველას მდგომარეობა საბოლოოდ მოწმდება თქვენს მიერ. თქვენი არჩევანი არ არის იმ ექიმის არჩევანის მსგავსი, რომელიც ყოველდღიურად განსაზღვრულ საათებში იღებს პაციენტებს. შემიძლია ვთქვა, რომ გმირობის ტოლფასია ასეთი გადაწყვეტილება. რატომ გადაწყვიტეთ ცხოვრებაში ასე რთული გზით წასვლა?

თათა ქაჩიბაია: პირველად რეანიმაციულ განყოფილებაში მოვხვდი მაშინ, როდესაც მესამე კურსზე ვიყავი. როდესაც ხედავ როგორ უბრუნებენ ადამიანს სიცოცხლეს, ეს არის უზარმაზარი ადრენალინი. როდესაც ხედავ იმ ადამიანების თვალებს, ვინც სიცოცხლისკენ შემოაბრუნე და გადაარჩინე, მე ამას ვერ მოვწყდი. ამ ბოლო დროს ექიმებს ხშირად გვიწოდებენ გმირებს, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. საქმეს, რომელიც გვიყვარს. და არა მხოლოდ ჩვენ, ექიმები, ექთნები, სანიტრები – ეს ერთი გუნდია. ჩვენ ვაკეთებდით ჩვენს საქმეს კოვიდამდეც და შემდეგაც გავაკეთებთ. ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი პროფესია და მიმაჩნია, რომ იმაზე დიდი ბედნიერება, რომ ადამიანი სიკვდილს გადაარჩინო და თავის საყვარელ ადამიანებს დაუბრუნო, არ არსებობს.

– მინდა გკითხოთ ტერმინებზე – კრიტიკულად მძიმე, სტაბილური და ა.შ. რას ნიშნავს ეს ტერმინები და რა პარამეტრებზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეფასდება რეანიმაციაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა?

თათა ქაჩიბაია: მდგომარეობის განსასაზღვრად ბევრი პარამეტრი გამოიყენება. როდესაც პაციენტის რამოდენიმე სასიცოცხლო ფუნქცია მძიმე მდოგმარეობაშია, იქნება ეს გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემა თუ სხვა, ეს არის კრიტიკული მდგომარეობა. ამ დროს ადამიანისათვის სიცოცხლის შენარჩუნება საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მაგალითად რომ მოვიყვანოთ იგივე კომატოზური მდგომარეობა, ან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ყოფნა. ამ დროს ჩვენ ვცდილობთ დავიჭიროთ ჰემოდინამიკა, ანუ წნევა, შეიძლება პაციენტს დიდი ოდენობით მედიკამენტის მიღება სჭირდებოდეს და ა.შ.

რაც შეეხება საშუალო სიმძიმეს – ასეთია მდგომარეობა, როცა პაციენტის მხოლოდ ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მართვა და მონიტორინგი გვიწევს და მეტ-ნაკლებად სტაბილური ვითარებაა.

ცხადია ხდება ისეც, რომ კრიტიკული პაცინეტი გადადის საშუალო სიმძიმის კატეგორიაში და პირიქითაც. სწორედ ამიტომ არის საჭირო 24 საათიანი მონიტორინგი, რომელიც რეანიმაციაში ხორციელდება.

– ბოლო წლებში ხშირად ამბობენ, რომ ფაქტიურად ყველა დაავადება გაახალგაზრდავდა. რას გვეტყვით ამის შესახებ?

თათა ქაჩიბაია: ჩემი აზრით, საქმე გვაქვს უბრალოდ ნაადრევ დიაგნოსტიკასთან. გაუმჯობესდა დიაგნოსტიკის მეთოდები, გარდა ამისა ადრე უცნობი დაავადებები დღეს უკვე ცნობილია და თუ ადამიანები ადრე გაურკვეველი მიზეზით იღუპებოდნენ, ახლა მიზეზების დადგენა უკვე შესაძლებელია. ჩემი აზრით, დღეს უფრო ოპერატიული და სწრაფი დიაგნოსტირების ფონზე ჩანს, რომ დაავადებები გაახალგაზრდავდა. რაც შეეხება ინტენსიურ თერაპიას, გააჩნია დაავადებებს. ახალგაზრდების უმეტესობა ჩვენთან ავარიის შედეგად შემოდის. სამწუხაროდ, ასეთია რეალობა. თუმცა არიან სიმსივნური და ჰემატოლოგიური პაცინეტებიც, ფიქსირდება ინფექციური პათოლოგიებიც და ა.შ.

– ქალბატონო თათა, მინდა გკითხოთ დაავადებებზე, რომელთა მართვაც განსაკუთრებით რთულია, იქნება ეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში თუ ზოგადად. შეიძლება თუ არა გამოვყოთ მსგავსი ტიპის დაავადებები, სადაც რეანიმატოლოგსაც კი ძალიან უჭირს მუშაობა?

თათა ქაჩიბაია: რეანიმატოლოგები მკურნალობენ მთელ ორგანიზმს, ჩვენთან არ არის ასე ცალკე, რომ იმართოს კონკრეტულად მხოლოდ თავის ტვინის, სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან სხვა რომელიმე ორგანოს მუშაობა. მოდით გამომდინარე იქიდან, რომ დღეს Сovid-19 ყველაზე აქტუალური თემაა, ვისაუბროთ პნევმონიაზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გართულებაა, რომელიც ამ ვირუსს თან ახლავს. მას ხშირად კოვიდ-პნევმონიას ვუწოდებთ, მისი ერთ-ერთი ყველაზე რთული ფორმა კი არის დისტრესი. დისტრესი ძალიან რთული სამართავია, ამ დროს ორგანიზმში ჟანგბადის დონე ძალიან დაბალია და მდგომარეობა მოითხოვს განსაკუთრებულ მართვას. გარდა ამისა, არანაკლებ რთული სამართავია სეფსისი, სეპტიური შოკი, პოლიტრავმა… ძალიან რთულია ასე რომელიმეს გამოყოფა, უბრალოდ ბოლო პერიოდში ყველაზე აქტუალური მძიმე პნევმონია და რესპირატორული დისტრეს-სინდრომია, რომელსაც მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს.

– მინდა გკითხოთ პნევმონიის შესახებ. ჩვენი უმეტესობა მას ფილტვების ანთების სახელით იცნობს და გადაუტანია კიდეც. რატომ ხდება პნევმონია ასეთი რთულად სამართავი კოვიდ-ინფექციის დროს?

თათა ქაჩიბაია: დიახ, ბევრ ადამიანს ფილტვების ანთება გადაუტანია, თუმცა თუ გავიხსენებთ, ახალი კორონავირუსის დროს პნევმონიის რთული ფორმის განვითარება ერთადერთი შემთხვევა არ არის. ასე იყო თუნდაც ფრინველის გრიპის ან ღორის გრიპის დროს, როცა პნევმონია იყო ბევრად რთული ფორმით, რთული სამართავი, იყო სიკვდილიანობაც. კოვიდ-ინფექციის დროსაც ხდება პნევმონიის განსაკუთრებით გართულება. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ეს ახალი დაავადებაა, ბევრი რამ ჯერ არ ვიცით. ყველა ვხედავთ, რომ თანდათან ჩნდება გარკვეული ახალი ცნობები, რომლებიც ეტაპობრივად ჩნდება და ყოველთვის ცნობილი არ იყო. მაგალითად თავიდან ითვლებოდა, რომ ახალი ვირუსი ბავშვებს ადვილად გადააქვთ, შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას კავასაკის სინდრომის  გამოწვევა შეუძლია. ჯერჯერობით ცნობილი არ არის რა სახის გართულებების დატოვება შეუძლია ახალ ვირუსს მას შემდეგ, რაც მას გადავიტანთ. ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით კვლევების ჩატარებაა საჭირო. ამ ეტაპზე ამაზე ლაპარაკი რთულია. პნევმონიები ზოგადად სირთულით განსხვავდება. არის პნევმონია, რომელიც სახლის პირობებში იმართება. არის პნევმონია, რომელიც ჰოსპიტალში, მაგრამ ჩვეულებრივ პალატაში იმართება და არის უმძიმესი პნევმონია, რომელსაც სჭირდება უკვე რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტის მოთავსება. რეანიმაციაშიც განსხვავდება პნევმონიების მართვა. ყველაზე მძიმე შემთხვევებში საჭიროა პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. შესაბამისად პნევმონიასაც, როგორც სხვა ნებისმიერ დაავადებას, აქვს მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმები.

– ქალბატონო თათა, გავაგრძელოთ საუბარი კოვიდ-პაციენტებზე. იყო შემთხვევები, როდესაც ძალიან ასაკოვანი პაციენტები კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდნენ და გამოჯანმრთელდნენ. და იყო შემთხვევები, როდესაც შედარებით ახალგაზრდა პაციენტები გარდაიცვალნენ თანხმლები ქრონიკული დაავადებების გამო. თქვენი დაკვირვებით, რა მექანიზმით ებრძვის ორგანიზმი ახალ ვირუსს და რაზეა დამოკიდებული გადავიტანთ ამ ვირუსს თუ ვერა?

თათა ქაჩიბაია: რასაკვირველია ძირითადად ეს ყველაფერი იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული. ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის ასაკიც. კონკრეტულად ჩვენს კლინიკაში იყვნენ 80 წელზე ზემოთ პაციენტები, რომლებთანაც ფიქსირდებოდა პნევმონია, თუმცა რეანიმაციული განყოფილება მათ არ დაჭირვებიათ. ჩვეულებრივი, პალატური რეჟიმით იმკურნალეს და გამოჯანმრთელდნენ. ჩვენი ერთ-ერთი რეანიმაციული პაციენტი 40 წლის მაამკაცი იყო, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი ის რისკ-ფაქტორი, რასაც ჩვენ ვასახელებთ. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ცალსახად ვერ ვიტყვით.

– თქვენ აღნიშნეთ, რომ ინტენსიური განყოფილების ექიმები ან თუნდაც მიმღების ექიმები სრულიად განსხვავებულ რეჟიმში მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს რომ აქ არ არის პაციენტების მხოლოდ განსაზღვრულ დროს მიღება. შესაბამისად თქვენი ცხოვრების სტილიც სრულიად განსხვავებულია. შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ რა ტიპის გრაფიკით, განრიგით მუშაობთ და როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე რეანიმაციულ განყოფილებაში?

თათა ქაჩიბაია: რასაკვირველია გვაქვს მსუბუქი და მძიმე დღეები. ყველა დღე ერთნაირი არ არის. სამუშაო დღე იწყება დილით, როდესაც მოდიან დილის ექიმები. არიან დღის ექიმები და მორიგე ექიმები. დღის ექიმები მორიგე ექიმებისაგან იბარებენ პაციენტებს, ეცნობიან მათ მდგომარეობას. შემდეგ ყველა პაციენტის მდგომარეობას უკვე ჩემთან ერთად ვეცნობით. ინიშნება გარკვეული კვლევები, გაიცემა გარკვეული მითითებები და გვაქვს გარკვეული კომუნიკაცია პაციენტების ახლობლებთან. ამისათვის შემოვიღეთ გარკვეული საათები. ჩვენ გვესმის პაციენტების ახლობლების, მაგრამ მაინც ძალიან რთულია მათ კითხვებზე პერმანენტულ რეჟიმში პასუხის გაცემა. რეანიმაციაში პაციენტების ახლობლებს საშუალება არ აქვთ თავზე დაადგნენ თავის ახლობლებს, ამიტომ მათ ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას. შეიძლება იყოს ისეთი დღეც, როდესაც ტელეფონთანაც ვერ მივდივართ და ვერ ვიგებთ, რომ დაღამდა, თუ იმდენად მძიმე პაციენტი გვყვავდა, რომ მთლიანად მასზე ვიყავით კონცენტრირებული. როგორც გითხარით, ყველა დღე განსხვავებულია. ჩვეული რეჟიმის შესახებ კი გითხარით, გვყვავს დღის და მორიგე ექიმები, უმცროსი ექიმები, რომლებიც ჩვენი მარჯვენა ხელი არიან, ისინი არიან ჩვენი მომავალი და ჩვენი მარჯვენა ხელი, გვყვავს ექთნები, საინტრები, რომლებიც უდიდეს საქმეს ასრულებენ. რეანიმაცია არის გუნდური მუშაობა, აქ მუშაობს მთელი გუნდი და ყველა თავის საქმეს ასრულებს.

– ეს გუნდი თქვენ შეკარით?

თათა ქაჩიბაია: არის გაკრვეული ცვლილებები, არიან ადამიანები, ვინც უკვე ადგილზე დამხვდა. ერთმანეთს ძალიან კარგად შევეწყვეთ, ერთი გუნდი ვართ. ყველა ადამიანს აქვს თავისი ხედვა გარკვეული საკითხების მიმართ და გარკვეული სტილი, მეც შევიტანე ჩემი სტილი და ახლა ჩვენ სწორედ მის შესაბამისად ვმუშაობთ.

–მინდა გკითხოთ მართვითი სუნთქვის შესახებ. რა დროს იღებს ექიმი პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანის გადაწყვეტილებას და როდის ხდება მართვითი სუნთქვიდან მოხსნა?

თათა ქაჩიბაია: მართვით სუნთქვაზე პაციენტის გადაყვანა გარკვეული ჩვენებების საფუძველზე ხდება. ეს შეიძლება იყოს ცნობიერების ღრმა დათრგუნვა, ანუ კომატოზური მდგომარეობა. პაციენტი გადადის მართვით სუნთქვაზე იმისათვის რომ ვაკონტროლოთ სასუნთქი სისტემის მუშაობა, ინტუბაცია, ოქსიგენაცია ანუ ჟანგბადის მიწოდება ტვინისათვის და ა. შ. მართვით სუნთქვაზე გადაყვანა უნდა მოხდეს ისე, რომ პაციენტისთვის არ იყოს არაკომფორტული. პოსტოპერაციულ პერიოდში ზოგი პაციენტისაგან ალბათ გსმენიათ, რომ სასუნთქი აპარატი აწუხებდა და ჰქონდა ხრჩობის შეგრძნება. მართვით სუნთქვაზე გადაყვანა უნდა მოხდეს ისე, რომ იყოს კომფორტული, რადგან ეს ხდება ძირითადად მაშინ, როდესაც პაციენტი სრულიად ცნობიერია. შესაძლოა ჩვენება იყოს სუნთქვის პრობლემები, იგივე პნევმონია, რომელზეც ვისაუბრეთ. შესაძლოა სახეზე იყოს გახშირებული სუნთქვა ან პირიქით, სუნთქვის შენელება, შეიძლება მართვით სუნთქვაზე გადაყვანა საჭირო გახდეს რომელიმე მედიკამენტით ინტოქსიკაციის დროს. უამრავი ჩვენება არსებობს და ჩვენ მხოლოდ მცირე ნაწილი ვახსენეთ. მართვითი სუნთქვა არის ორგანიზმის დახმარება. ჩვენ ვცდილობთ ორგანიზმი გამოვიყვანიოთ მდგომარეობიდან, ხელოვნური სუნთქვის აპარატი კი დროებით ფილტვის ფუნქციას ასრულებს. როგორც იცით, ჟანგბადის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისათვის, ამიტომ საჭიროა ადეკვატური ოქსიგენაცია და დროზე გადაყვანა მაღთით სუნთქვაზე. დაგვიანებულმა გადაყვანამ შესაძლოა სერიოზულად გაართულოს მდგომარეობის მართვა. „პაციენტი გადავიდა მართვით სუნთქვაზე“ არ ნიშნავს იმას, რომ მორჩა და ყველაფერი კარგად არის. ამი შემდეგ კიდევ დიდი გზაა წინ გამოჯანმრთელებამდე.

– ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა მინდა უფრო განვავრცოთ. დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ბევრი დაავადების გამო შესაძლოა პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვდეს, თუმცა თქვენ, როგორც ექიმი რომელ განსაკუთრებით საშიშ დაავადებებს გამოყოფდით, რომელთა დროსაც მართვა აუცილებელია იმისთვის, რომ ნაადრევად არ მივიდეთ კრიტიკულ მდგომარეობამდე?

თათა ქაჩიბაია: თქვენ მეკითხებით პროფილაქტიკური მიმართვიანობის შესახებ, როდესაც საჭიროა დროული დიაგნოსტირება, რათა პაციენტის მდგომარეობა ისე არ დამძიმდეს, რომ შემდეგ იგი ბინიდან პირდაპირ რეანიმაციაში აღმოჩნდეს. ერთ-ერთი წამყვანი ჩვენს საუკუნეში არის რასაკვირველია სიმსივნური დაავადებები, ჰემატოლოგიური, ონკოჰემატოლოგიური დაავადებები და ა. შ. ორგანიზმი არის საათის მექანიზმივით და თუკი რაიმეს გვიჩვენებს, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუკი სახეზეა ტკივილი, ან რაიმე სახის დისკომფორტი, ამას ადამიანზე კარგად ვერავინ იგრძნობს. თუკი გაქვთ გახშირებული თავის ტკივილები ან უმიზეზოდ წონაში კლება, ან რაიმე სახის ჩივილი, აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს, რომელიც მოგცემთ გარკვეულ მიმართულებას, დაგინიშნავთ გარკვეული სახის კვლევებს. მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს. პროფილაქტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, ამ დროს შეიძლება გამოვავლინოთ დაავადება ადრეულ სტადიაში, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია დროული მკურნალობისათვის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი