დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ინფიცირებულთა დინამიკა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით მცირდება, თუცმა, შემთხვევათა რაოდენობა შესაძლებელია, ზაფხულშიც გაგრძელდეს. მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი სანიმუშო მაგალითია კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით და ბალანსი, რომელიც ქვეყანამ მოიპოვა, უნდა შენარჩუნდეს.
გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ინფექცია კონტროლირებადი და მართვადია. ამასთან, კიდევ ერთხელ განმარტავს, დაიწყო თუ არა საქართველოში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა.
„საქართველომ დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი დადო რეგიონში „კოვიდ 19“-თან ბრძოლაში. იცით, რომ დღეს 5 შემთხვევა დაემატა. ეს არის ერთეული შემთხვევები. თითქმის ყველა შემთხვევის წყარო ვიცით, კონტაქტები იზოლირებული არიან, კარანტინში არიან გადაყვანილი და მათზე ზედამხედველობა მიმდინარეობს.
მთავარია, რომ აქამდე ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება შევაჩერეთ და ახლა მართვის სტადიაში ვართ. ჩვენ უნდა ვმართოთ ერთი მხრივ, ახალი შემთხვევები და მეორე მხრივ, თანდათან იხსნება ეკონომიკა, რომ მოსახლეობამ იმუშაოს, შემოსავალი ჰქონდეს და ა.შ. ამიტომ ეს ბალანსი უნდა დავიჭიროთ.
იქნება თუ არა მეორე, მესამე, მეოთხე ტალღა, ამაზე მეცნიერები მსჯელობენ. ოდნავ დინამიკა არის იმის, რომ ვირუსის ვირულენტობა მცირდება არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ გლობალურად. შესაძლებელია, ზაფხულში ვირულენტობის შემცირება გაგრძელდეს. რაც გვეგონა, რომ ეს თაკარა მზე ვირუსს მოკლავდა, ასე არ ყოფილა. მთავარია, რომ ყველა შემთხვევა კონტროლირებადია და მართვას ემორჩილება“,-განაცხადა გამყრელიძემ.
6 პაციენტზე წყაროს ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს: ზუგდიდში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა – ამირან გამყრელიძე
