დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში ინფიცირებული 6 პაციენტის წყაროს დადგენა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამირან გამყრელიძის თქმით, ყველა ახალი შემთხვევის ეპიდისტორია გამოკვლეულია, ხოლო ის 6 ინფიცირებული, რომელთა წყაროს კვლევა მიმდინარეობს, წინა შემთხვევებია და არა დღეს დადასტურებული.
„თითქმის ყველა წყაროზე გავედით, კიდევ ექვსზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, ეს წინა შემთხვევებია და არა ბოლო. ბოლო ხუთი შემთხვევის ყველას წყარო ცნობილია. დღეის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსის 893 შემთხვევაა დადასტურებული, დღეს დაემატა ხუთი. ეს არის ერთეული შემთხვევები, ყველა შემთხვევებში ჩვენ უკვე თითქმის ყველა წყარო ვიცით, ყველა შემთხვევის კონტაქტი არის იზოლირებული, კარანტინში გადაყვანილი და მიმდინარეობს მათზე ზედამხედველობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება ზუგდიდში გამოვლენილ ფაქტს, სადაც ინფიცირებულის დროებით კარანტინიდან გათავისუფლებას ეხება, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ის კარანტინიდან წესების მკაცრი დაცვით გაიყვანეს.
„ზუგდიდში შემოტანილი შემთხვევაა, აქ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. რაც შეეხება კარანტინიდან ადამიანის გათავისუფლებას, დეტალები დგინდება, იქ იყო უბედურება, ოჯახის ტრაგედია და გარკვეული წესების დაცვით, წესების მკაცრი დაცვით მოხდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გუშინ დადასტურდა. ინფიცირებული 70 წლამდე ასაკის მამაკაცია. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ინფიცირებული პირი ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან 12 ივნისს შემოვიდა და შემოსვლისთანავე გადაიყვანეს კარანტინში. გავრცელებული ცნობით, პირველადი ტესტი უარყოფითი იყო, თუმცა განმეორებითმა ანალიზმა კოვიდზე დადებითი პასუხი დაადასტურა. ამ პერიოდში კი პაციენტი 14 ივნისს დროებით გაათავისუფლეს კარანტინიდან. ის ძმის გასვენებაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივების განმარტებით ხალხმრავლობა იყო.
