LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არც ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან გადადგმული“ – ჯანდაცვის მინისტრი საზოგადოების მაღალ პასუხისმგებლობას აღნიშნავს

“ჯანდაცვის სისტემის ყველა უწყების ერთობლივმა ნაბიჯებმა მოგვცა საშუალება, რომ პირველი ტალღა ვმართეთ და დღეს ამაყად ვდგავართ საზოგადოების წინაშე” – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ერთი წლის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, რომ არა მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობა, ეს კოორდინაცია შედეგს ვერ მოგვცემდა.

„მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა, მოკლედ შევაჯამო ის ერთი წელი და განსაკუთრებით კი ის რთული ხუთი თვე, რომელიც ჩვენ კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ გვქონდა და ამ ეტაპზე ნამდვილად გვაქვს პირველი ნაბიჯები, რომ გვქონდეს იმედი წარმატებულად გავართმევთ თავს ამ გამოწვევას. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო სისტემური მიდგომა და კოორდინაცია, რათა სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სისტემას, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ერთობლივად, უხარვეზოდ ეთანამშრომლა ჰოსპიტალურ სექტორთან, რათა ჩვენს ექიმებს, სამედიცინო პერსონალს ჰქონოდა უზრუნველყოფილი ყველა საჭირო აღჭურვილობა უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისთვის. ასევე, თითოეული პაციენტის დროული იდენტიფიცირება, მათი ლოკალიზება და შემდეგ სწორი და უსაფრთხო გადაადგილება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებამდე. ეს იყო ნამდვილად ძალიან დიდი გამოწვევა და პრიორიტეტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაავადება ჯერ არსად წასულა და მნიშვნელოვანია, რომ კოორდინირებული ნაბიჯები გაგრძელდეს.

„ყველა ამ უწყების ერთობლივმა ნაბიჯებმა მოგვცა საშუალება, რომ ეს პირველი ტალღა შევძელით და ვმართეთ და დღეისათვის ამაყად ვდგავართ ჩვენი საზოგადოების წინაშე, ვინაიდან გამოვიჩინეთ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა. ამასთან, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნამდვილად, ვერც ექიმები და ვერც სამთავრობო გუნდის ერთობლიობა და კოორდინაცია ვერ მოგვცემდა იმ შედეგს, რომ არა ჩვენი მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობა და მათი გვერდში დგომა და სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი, რომ გავიაზროთ და გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ სამომავლოდაც ეს კორდინაცია აუცილებლად გაგრძელდება, ვინაიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაავადება ჯერ არსად არის წასული, ის ჯერ ჩვენთან ერთადაა და სწორედ ახლა არის მნიშვნელოვანი, რომ გაგრძელდეს კოორდინირებული ნაბიჯები, რათა შევძლოთ მომდევნო ეტაპების წარმატებულად დასრულება. სამინისტროს მხრიდან კი, თავისთავად, ჯანდაცვის კუთხით მნიშვნელოვანი არის, რომ გავატაროთ გლობალურად საჭირო ის რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობას, როგორც ფინანსურს, ასევე გეოგრაფიულს და ჩვენი მოქალაქეებისთვის, ნებისმიერი სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომი იქნება ჯანდაცვის ხარისხიანი სერვისები. სწორედ ამ წერტილზე, ვპირდები ჩემს მოქალაქეებს, რომ არც ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან გადადგმული, რათა ჩვენ დავიცვათ მათი ჯანმრთელობის უფლება და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას.