LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხივები, რომლებიც კორონას კლავს: მეცნიერების ახალი დასკვნა

Far-UVC-ის კონკრეტული სიგრძის სხივები ჰაერში კორონავირუსისის 99.9 პროცენტს კლავს – აღნიშნული დასკვნა კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დადეს.

მათ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის დროს სინათლემ 8 წუთში ჰაერში ვირუსის დაახლოებით 90% მოკლა, 11 წუთში – 95%, 16 წუთში – 99% და 25 წუთში – 99.9%.

საუბარია ისეთ გამოსხივებაზე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის.

Far ულტრაიისფერ სხივებს 10 წელზე მეტია, სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებები, პალატებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სტერილიზაციისთვის იყენებენ.

ზოგადად, ულტრაიისფერი გამოსხივება ადამიანისთვის საფრთხის შემცველია. ის ზრდის სიმსივნის რისკს, ასუსტებს იმუნურ სისტემას, აზიანებს კანსა და თვალებს. თუმცა ვირუსის წინააღმდეგ გამოყენებული სინათლის სხივი მოკლეა Far-UVC light (222 nm)  და ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

მკვლევარები ამბობენ, რომ ასეთი განათების დაყენება თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი დაწესებულების ჭერში.

ჩატარებული კვლევებით უკვე დადასტურებული იყო, რომ ულტრაიისფერი გამოსხივების ეს ტიპი წარმატებით კლავს გრიპის ვირუსებს. მკვლევარებს ახლა მისი გამოცდა კორონავირუსებზე აინტერესებდათ.

ჯერ კიდევ მიმდინარეობს ექსპერიმენტი, რომელიც კონკრეტულად ახალ კორონავირუსს, სარს–კოვ-2-ს სწავლობს. ვირუსს, რომელმაც პანდემია კოვიდ-19 გამოიწვია. პირველადი მონაცემები უკვე ადასტურებს, რომ  სინათლე მასზეც ისეთივე წარმატებით მოქმედებს, როგორც სხვა კორონავირუსებზე.

კვლევის შედეგები ჟურნალ nature-ში გამოქვეყნდა და ამერიკის ხმამ თარგმნა.