თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობით საქართველო ბედნიერი და იშვიათი გამონაკლისია მთელ მსოფლიოში.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, თუ ქვეყანამ ეს მდგომარეობა შეინარჩუნა, საქართველო იქნება თითით საჩვენებელი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის.
„მთელ მსოფლიოში საშუალოდ იზრდება ყველგან შემთხვევათა რაოდენობა. ზოგიერთ ქვეყნებში, ძირითადად ევროპის ქვეყნებში იკლებს, მაგრამ არა ისე, როგორც საქართველოში. უშუალოდ ჩვენ სამეზობლოში არ იკლებს, იზრდება კიდეც. სულ ხუთი-ექვსი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ჩვენნაირი სურათია ვირუსის. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, ესტონეთი, ლატვია. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ქვეყნებში დღეს არის ცოტა შემთხვევა, იმდენი, რამდენიც საქართველოში, თორემ ჯამური შემთხვევები იქ გაცილებით მეტია. მსოფლიოს 30 ქვეყანაში აღინიშნება მატება და მათ შორის არის ევროპის ქვეყნები, მაგალითად უკრაინა, ინგლისი და სხვა.
რომელ კოლაფსზე უნდა ვილაპარკოთ, როცა დღეში სულ ორი-სამი შემთხვევაა. თუ ჩვენ შევძელით, შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, კოლაფსი კი არა, საქართველო იქნება ოაზისი, თითით საჩვენებელი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის. დღეს უკვე არის საქართველო თითით საჩვენებელი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის და ყველას უკვირს, როგორ მოახერხა საქართველომ ის, რომ მთელ ევროპაში და განსაკუთრებით იმ რეგიონში, სადაც შემთხვევების რაოდენობა არათუ იკლებს, არამედ იმატებს“,– განაცხადა ცერცვაძემ.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა, ერთადერთი, რამაც შეიძლება საქართველოში კოლაფსი გამოიწვიოს, ეს არის საერთაშორისო ტურიზმის გახსნა.
„მანამდე ჩვენ არანაირ მატებას არ ველით, რადგან ქვეყნის შიგნით არ გვაქვს ინფექცია ფაქტობრივად და ვისგან უნდა გავრცელდეს? საქართველომ გაუძლო პირველ გამოცდას, როცა საჭირო იყო ინფექციის შეკავება, გაუძლო მეორე გამოცდას, როდესაც მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა, შეზღუდვები და არ გაიზარდა ახალი შემთხვევები. თუ საქართველო გაუძლებს საზღვრების გახსნას, ეს იქნება ისტორიული მოვლენა, მაშინ მთელი მსოფლიო ჩვენზე ილაპარაკებს. თუ ეს ასე არ მოხდა და შემთხვევები გაიზარდა, ამისთვის ჩვენ უნდ ვიყოთ მზად, პირველ რიგში კლინიკური სექტორი. მინდა, დავარწმუნო მოსახლეობა, რომ კლინიკური სექტორი, როგორც მომზადებული და წარმატებული შეხვდა პირველ ტალღას ისე, რომ თავისი შესაძლებლობების ერთი/მეხუთედის გამოვლენაც კი არ დასჭირვებია, თუ იქნება ახალი ტალღა ტურიზმის გახსნის მერე, ჰოსპიტალური სექტორი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, შეხვდება ასევე მომზადებული.”- აცხადებს ცერცვაძე.
Stopcov.ge – ის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის, ქვეყანაში COVID-19-ის 926 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 791 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გარდაიცვალა 15.
