LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქორწილის გადახდა კიდევ არ შეგვიძლია“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კარგია, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს და ქორწილების გადახდა ჯერ კიდევ არ შეიძლება.

ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ტესტირებების რაოდენობა გაზრდილია, ივნისში 1800 იყო დღის განმავლობაში. გუშინწინ 3000 გვქონდა, 2800-მდე გუშინ. მთავრობის დადგენილებით, გაიზარდა ჯგუფები, სადაც ტარდება ტესტირება. ასევე გაიზარდა სამედიცინო პერსონალის გადამოწმების სიხშირე ანუ პერიოდულობა შემცირდა ერთ კვირამდე. ახლა განსაკუთრებული ყურადღება  ე.წ. სატვირთოს მძღოლებზე გვაქვს გადატანილი. დღესაც გვაქვს 8 ახალი შემთხვევა, აქედან 6 არის მძღოლი. ყველას წყარო ვიცით და ყველა არის შემოტანილი შემთხვევა. ამ მხრივ ტესტირების გაზრდასთან ერთად გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა ერთნიშნა ციფრს არ აცილებია. ეს არაპირდაპირი ნიშანია იმის, რომ ქვეყანაში, შიგნით ინფექცია ინტენსიურად არ ცირკულირებს, რაც კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რომ ისევ დავიწყოთ დიდი ქორწილები, შეკრებები, დღეობები. პრინციპული რჩება პირბადე, დისტანცია და ხელების ხშირი სანიტარული დამუშავება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ქორწილის, დაბადების დღისა და ქელეხის გადახდაზე ჯარიმა ფიზიკურ პირებს 2 ათასი ლარია, იურიდიულ პირებს კი 10 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.