ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები” მომღერალი ლელა წურწუმია ესტუმრა, რომელმაც რადიო ,,არ დაიდარდოს” ეთერში ახალი სიმღერა ,,წადი გაიარე” დააპრემიერა. მომღერალმა გადაცემის ფარგლებში შემოქმედებით გზაზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და რადიოს ეთერში ცოცხლად შეასრულა რუსა მორჩილაძის სიმღერა ,,იასამანი”.
როგორ გაგყავდა თვითიზოლაციაში დრო შემოქმედებითად?
მივესალმები რადიო ,,არ დაიდარდოს” ერთგულ მსმენელს. კარანტინის პერიოდში, როდესაც საგანგებო მდგომარეობა იყო, მქონდა პირდაპირი ჩართვები სოციალური მედიის საშუალებით, ჩემი ოფიციალური გვერდიდან და ვმღეროდი ხან სამზარეულოდან, ხან მისაღები ოთახიდან. ამას მოჰყვა ბევრი გამოხმაურება და მსმენელსაც ძალიან მოეწონა. პირდაპირ ჩართვაში ორ-სამ სიმღერას ყოველთვის ვმღეროდი და იყო თხოვნებიც კონკრეტულ სიმღერებზე. ვფიქრობ, რომ შრომის გარეშე არაფერი ხდება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ადამიანი მარტო ნიჭის იმედად ვერ იქნები, შრომას შედეგი აუცილებლად მოაქვს.
თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ კონცერტები დაიგეგმოს?
რამდენიმე დღის წინ მქონდა ღია სივრცეში კონცერტი, მცხეთაში, სადაც საკმაოდ გაშლილი ლოკაცია და ლამაზი გარემოა, მოვიდა ბევრი სტუმარი. მართალია ეს პერიოდი ყველასთვის ძალიან სტრესული იყო, თუმცა ადამიანები მალე ვივიწყებთ მომხდარს ძალით თუ უნებლიედ. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრების რიტმს.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?
პანდემიის გამო ბევრი კორპორატიული საღამო და კონცერტი გადაიდო, თუმცა, 18 ივლისს ბათუმში გაიმართება ჩემი და ჯგუფი ,,ნონსტოპის” სოლო კონცერტი. გელოდებით ყველას, ვინც ბათუმში იქნებით. ამის გარდა ჩავწერე ორი ახალი სიმღერა, ერთ-ერთი სიმღერა არის ,,ციცინათელები”, რომელიც 2001 წელს შევასრულე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მამულიჩას იდეა იყო, რომ მისი რემიქსი გაგვეკეთებინა. არანჟირება გააკეთა ჩემმა დისშვილმა სანდრომ, ასევე აუცილებლად იგეგმება კლიპის გადაღებაც. მეორე სიმღერა კი არის დიჯეი ,,ჰოლი მოლის”, ჩავწერე ,,ბრავო სტუდიაში” ალეკო ბერძენიშვილთან, რაც ვფიქრობ, რომ ზაფხულის ჰიტი გახდება.
მოგვიყევი იმ სიმღერაზე, რომელიც დღეს დაპრემიერდება ჩვენს ეთერში..
მოგიტანეთ რუსა მორჩილაძის სიმღერა ,,წადი გაიარე”, რომელიც ჩემი სოლო კონცერტისთვის გაკეთდა, სწორედ მაშინ ,,ჰოლი მოლიმ” გააკეთა ამ სიმღერის ახალი ვერსია, რაზეც თეა დარჩიამ იცეკვა თავის არაჩვეულებრივ დასსთან ერთად. ტექსტის ავტორი კი გახლავთ ირინა სანიკიძე. ასევე ვმუშაობ ორ ახალ სიმღერაზე, ერთი არის ბატონი ზურა მანაგაძის ,,გიორგობის თვე” და ლილიკო ნემსაძის ახალი სიმღერა.
ლელა წურწუმია & Holy Moly – აღარ მინდიხარ (Remix)
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ლელა წურწუმია – იასამანი. Live
ლელა წურწუმია. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები





