ბჰუტანის მეფე ჯიგმე კხესარ ვანჩგუკი და მისი მეუღლე, დედოფალი ჯეცუნი მეორედ გახდნენ მშობლები. „აღმოსავლეთის ქეითი და უილიამი“, ასე მოიხსენიებენ მათ მსოფლიო მედიაში. ცოტა ხნის წინ წყვილს მეორე შვილი, ვაჟი შეეძინათ და მას გიალსი დაარქვეს. ამჯერად კი სამეფო ოჯახმა ახალი ოჯახური პორტრეტი გამოაქვეყნა. ფოტოს გამოქვეყნებამდე სამეფო წყვილმა ბუდისტური მონასტერი მოინახულა და სარიტუალო წირვაშიც მიღო მონაწილეობა.
დედოფლის ორსულობის შესახებ გასულ დეკემბერს გახდა ცნობილი. მეფემ ხალხს ამის შესახებ ნაციონალურ დღესასწაულზე ამცნო. პრინცი გიალსი ქვეყანას მარტში მოევლინა, ის ტახტის მემკვიდრეთა სიაში მეორე ადგილზეა. პირველი კი მისი უფროსი ძმაა, რომელიც ახლა სამი წლისაა.




