შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურაში შეცდომით გადასცეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები, რომელიც პორნოგრაფიული ხასიათისაა და რომელშიც საქმის მონაწილე პირის მეგობარი ფიგურირებს. მოგვიანებით კი საგამოძიებო უწყებამ მასალის უკან დაბრუნება ითხოვა.
როგორც ადვოკატი ვასილ მამულაშვილი ამბობს, სამართალდამცველებმა მას საქმის მასალებთან ერთად, შეცდომით გადასცეს დაბადების დღეზე მყოფი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.
ადვოკატი ამბობს, საგამოძიებო უწყებაში გუშინვე დაიბარეს და ხელწერილის დაწერა მოსთხოვეს, რათა მასალა არ გავრცლებულიყო.
ვასილ მამულაშვილის თქმით, ამ ხელწერილზე ხელი არ მოაწერა, ვინაიდან მათი მხრიდან არ არის საშიშროება, რომ აღნიშნული მასალა გასაჯაროვდეს.
„მასალა იყო ერთგვარი პორნოგრაფიული ხასიათის, რომელშიც ფიგურირებდა ახალგაზრდა გოგო, რომელიც სავარაუდოდ იყო ერთ-ერთი მონაწილე პირის მეგობარი. ჩვენ გუშინ 23:00 საათზე, გასაუბრების მიზნით დაგვიკავშირდა პოლიცია.
სამართალდამცავები ითხოვდნენ, რომ თითქოსდა დაცვის მხარეს გაფრთხილების ხელწერილი უნდა დაეწერა. მათ შორის გულისხმობდა ამ ინფორმაციის შენახვა-გავრცელებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაფრთხილებასთან დაკავშირებით.
განვუმარტეთ, რომ ასეთი სახის გაფრთხილება არასწორი იყო. მათივე მოქმედებით მოხვდა კადრები ჩვენს კომპიუტერში. არანაირ გაფრთხილებას ხელი არ მოვაწერეთ და უკვე ჩვენ მოვითხოვეთ მათ მიერ გადმოცემული მტკიცებულებების განადგურება. ველოდებით, რომ საგამოძიებო ორგანო ამ ვიდეომასალის განადგურებასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდება“, – განაცხადა ადვოკატმა ვახო მამულაშვილმა „ფორმულასთან“ საუბარში.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, 17 ადამიანია დაკავებული.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
