საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის დედის ინფორმაციით, მის შვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
„წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, მეტი ახალი არაფერი ვიცი. ველოდებით ერგნეთის შეხვედრას და ალბათ, ახალ ინფორმაციას მაშინ გავიგებთ. „წითელი ჯვრიდან“ იყვნენ მოსულები, მაგრამ ჯერჯერობით არ შესულან. წერილი დავუწერე, ალბათ მიიღებს ჩემი შვილი და პასუხსაც „წითელი ჯვარი“ მომიტანს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესო. ე.წ. საზღვრის კვეთასა და მესაზღვრეზე თავდასხმას ედავებიან, სხვა ახალი თუ კიდევ რამეა, ეს ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს. თუ საავადმყოფოში აღარ არის, ალბათ ფეხი უკეთეს მდგომარეობაში აქვს, მაგრამ ჩვენ ახალი არაფერი ვიცით. „წითელი ჯვარი“ თუ გამოიტანს ზუსტ ინფორმაცის, თუმცა ისინი ჯერ არ შესულან. იმედია, ამ კვირაში შევლენ“,-აცხადებს ზაზა გახელაძის დედა.
შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. ის ფეხშია დაჭრილი.
