თამარ ბაჩალიაშვილის Facebook გვერდი აღარ იძებნება. მიზეზი უცნობია. ადვოკატი “მთავარი არხის” ეთერში აღნიშნულთან დაკავშირებით არ საუბრობს.
მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ის კომენტარს არ გააკეთებს.
“ამის თაობაზე არაფერს გეტყვით. მალე მივდივარ ექსპერტიზის ბიუროში კომპიუტერთან დაკავშირებით და გავარკვევ, წინასწარ არაფერს გეტყვით.
კომპიუტერი არ გაიხსნება ჩემი თანდასწრების გარეშე, მე იქ ვიქნები ჩემს წამომადგენელთან ერთად; თუ ჩემი თანდასწრების გარეშე გახსნილი აღმოჩნდება კომპიუტერი – ეს დადასტურდება.
სხვა შემთხვევაში, ჩავატარებ ყველანაირ ექსპერტიზას, იმისთვის, რომ დამატებითი კითხვები არ გამიჩნდეს,”- აცხადებს ადვოკატი და დასძენს, რომ თუ კომპიუტერი გაიხსნება, გასაჯაროვდება მხოლოდ ის, რაც ხელს არ შეუშლის გამოძიებას.
აღსანიშნავია, რომ Facebook-ისგან განსხვავებით, თამარ ბაჩალიაშვილის გვერდი Instagram -ზე ჯერ კიდევ იძებნება.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ორი მუხლით – თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.
