მას შემდეგ რაც, მსოფლიო კორონავირუსის პირისპირ აღმოჩნდა, მისი ნეგატიური შედეგები თითქმის ყველა და ყველაფერზე აისახა. თუმცა, პანდემიის შედეგები განსხვავებულ კონტექსტში დაინახეს ნებრასკას შტატში დებმა, რომლებმაც შეიძლება ითქვას, რომ სწორედ კორონავირუსის წყალობით იპოვეს ერთმანეთი 50 წლის შემდეგ. ამის შესახებ CNN წერს.
საქმე იმაშია, რომ 73 წლის დორის კრიპენს კორონავირუსი დაუდგინდა. თითქმის ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ ის ფრემონტის სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსეს.
სწორედ ამ ცენტრში იპოვნა მან და, ბევ ბორო, რომელიც როგორც გაირკვევა აღნიშნულ ცენტრში უკვე 20 წელია მუშაობს.
“როდესაც პაციენტების სიაში დორის კრიპენი წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, რომ ის ჩემი უფროსი და იყო. თვალებს ვერ დავუჯერე” – აცხადებს ბორო.

ვინაიდან დორის სმენა დაქვეითებული აქვს, ბორომ პირველ შეხვედრაზე მამის სახელი თეთრ დაფაზე დაუწერა და კრიპენმაც ფაქტი მალევე დაუდასტურა.
დებს საერთო, ერთი მშობელი მამა ჰყავთ. კრიპენი საკუთარ დედასთან იზრდებოდა, ხოლო ბორო, ექვსი თვის ასაკში გააშვილეს. სწორედ ეს გახდა დების 50-წლიანი განშორების მიზეზი.
