გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საკალმახე მეურნეობის საკუთრებაში არსებული ვიდეოსათვალთავალო კამერები შეამოწმეს.
საგამოძიებო მოქმედებები გუშინ, დაახლოებით 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფაქტთან დაკავშირებით საკალმახე მეურნეობა შპს “ათ”-იმ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სხვადასხვა მასმედიისა და ტელევიზიების საშუალებებით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია.
განცხადებაში განმარტებულია, რომ 2 აგვისტოს საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე ჩატარდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ დაათვალიერეს დამონტაჟებული კამერები, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ კამერები წინა მფლობელის მიერ არის ჩაჭრილი და არ მუშაობს.
„სხვადასხვა მასმედიისა და ტელევიზიების საშუალებებით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რის გამოც სიმართლის დადგენის უზრუნველყოფის მიზნით თავს ვალდებულად ვთვლით, ვუპასუხოთ აღნიშნულ ცრუ ინფორმაციას.
ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს. თავს ვალდებულად ვთვლით თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წინაშე, რომ მივაწოდოთ მათ რეალური ინფორმაცია.
მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია გამოძიების სწორი მიმართულებით წარმართვა და პირველ რიგში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახისათვის და საზოგადოებისათვის რეალური ინფორმაციის მიწოდება.
საკალმახე მეურნეობის ტერიტორია ჩვენს მფლობელობაშია მეოთხე წელიწადია და ის იმყოფება რეკონსტრუქციის პროცესში. ტერიტორიაზე არსებული კამერები ჩვენს მიერ ობიექტის შეძენის დროსაც იყო, მაგრამ უფუნქციოდ, ვინაიდან არ იყო მუშა მდგომარეობაში. ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამუშაოები და ობიექტი არ არის დასრულებული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე კამერები არ მუშაობს იმ პერიოდიდან, როდესაც ის ჩვენ შევიძინეთ ძველი მეპატრონისაგან 4 წლის წინ. ასევე, გვსურს გაცნობოთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არ არის განთავსებული სასტუმრო. ობიექტზე ფუნქციონირებს მხოლოდ თევზის წარმოება და სეზონული გარე (ღია სივრცის) თევზის რესტორანი.
2020 წლის 2 აგვისტოს ჩვენი კომპანიის ტერიტორიაზე ჩატარდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ გამოკითხვები და მოხდა დამონტაჟებული კამერების, რომელიც ჯერ კიდევ წინა მეპატრონის მიერ იყო ჩაჭრილი, ვიზუალური დათვალიერება და ექსპერტების მიერ დაფიქსირებულ იქნა, რომ ისინი არ იმყოფებოდნენ მუშა მდგომარეობაში, კამერის ჩანაწერები არ ყოფილა ამოღებული, რადგან ჩვენი კამერები არ მუშაობს 4 წელიწადია და არც სერვერი არ გაგვაჩნია, შესაბამისად ვერც 10 დღის წინ და ვერც დღეს ვერ იქნებოდა ჩანაწერები ამოღებული, რადგან ჩვენთან სამწუხაროდ არ მიმდინარეობდა ვიდეო კონტროლი.
კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობთ ოჯახს ამ დიდი ტრაგედიის გამო და იმედს ვიტოვებთ, რომ ოჯახი უახლოეს პერიოდში მიაღწევს სიმართლის დადგენას“, – ნათქვამია საკალმახე მეურნეობის განცხადებაში.
გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოძიება კამერების ახალი ჩანაწერების ამოღებას გეგმავდა, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო.
“დამატებითი კამერები აღმოჩნდა, რომლებიც არ უნახავთ და დღეს აპირებენ ნახვას. თეთრიწყაროს რაიონში, საკალმახე ადმირალთან უნდა დათვალიერდეს” – თქვა ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზავილმა მედიასთან.
გახარიასთან მინდა შეხვედრა, თუ პატივს დამდებს – ბაჩალიაშვილის დედა
