ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოების ყველაზე აქტუალურ კითხვას საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე პასუხობს და განმარტავს კორონავირუსის გადაცემის პროცენტულ მაჩვენებელს.
როგორც ბუწაშვილი წერს, ვირუსით ინფიცირდება COVID-19 დიაგნოზის მქონე პირთან კონტაქტში მყოფების საშუალოდ 5%, თუმცა მისივე განმარტებით, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მერყეობს კონტაქტების ტიპის მიხედვით.
“რა პროცენტში ხდება კორონავირუსის გადაცემა დაავადებულთან კონტაქტში მყოფებზე?
ხშირად ადამიანები გაოცებულები არიან იმ ფაქტით, რომ კოვიდის მქონე პაციენტთან კონტაქტში მყოფს არ გამოუვლინდა ინფექცია და ეჭვი უჩნდებათ დიაგნოსტიკის სისწორეში.
საქმე იმაშია, რომ გადაცემა 100%-ს არ შეადგენს არც ერთი ტიპის კონტაქტის შემთხვევაში. კვლევებით დგინდება, რომ ინფიცირდება COVID-19 დიაგნოზის მქონე პირთან კონტაქტში მყოფების საშუალოდ 5%, თუმცა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მერყეობს კონტაქტების ტიპის მიხედვით.
მაგალითად, უშუალოდ ოჯახის წევრებზე ინფექციის გადაცემის რისკი 10-დან 40%-მდეა; ახლო, მაგრამ არამუდმივი კონტაქტის შემთხვევაში (მაგალითად, თუ ერთად ისადილეს), რისკი საშუალოდ 7%- შეადგენს, ხოლო ნაკლებად ახლო კონტაქტის შემთხვევაში (მაგალითად, „შოპინგის“ დროს), გადაცემის რისკი დაახლოებით 0.6%-ია.
იმ ჯანდაცვის მუშაკებზე გადაცემის რისკი, რომელთაც არ იციან, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობენ, ანუ ნაკლებად იცავენ სიფრთხილის ზომებს, საშუალოდ 3%-ია” – წერს ბუწაშვილი.
