გადაცემას „რადიო დუეტი თაკოსთან ერთად“ მუსიკოსი გიორგი შალვაშვილი სტუმრობდა ახალი სიმღერების „უცნაურად მოგეჩვიე“ და „დამიბრუნდი“ პრემიერით.
გიორგი, პირველ რიგში, როგორ გაატარეთ კარანტინი და რამდენად რთული აღმოჩნდა თქვენთვის თვითიზოლაცია?
სიმართლე ვთქვა, პანდემიამ ნაკლებად შემაშინა. თუმცა კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, ამიტომ თვითიზოლაციის გამოცხადებისთანავე სოფელში გავემგზავრე და სწორედ იქ გავატარე კარანტინი. სამწუხაროდ, რამდენიმე კონცერტი ჩაიშალა, რაზეც მეც გული დამწყდა და ჩემს მსმენელსაც. ამასთანავე, დაიხურა ჩემი თოჯინების თეატრი, დროებით გადაიდო სპექტაკლები და სტუდიური მუშაობა. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი აღდგება და ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. ძალიან დამეხმარა ჩემი მსმენელი, პირველ რიგში ემიგრანტი ქართველები, რომლებიც ყოველდღე მამხნევებდნენ ოპტიმისტური მესიჯებით.

რას საქმიანობდით კარანტინის დროს?
საკუთარი მეურნეობა მაქვს, ამიტომ საქმეც ბევრი მქონდა, თუმცა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მივირთვი. ახლაც კახეთში ვარ, თბილისში მხოლოდ პერიოდულად ჩამოვდივარ. რამდენიმე დღე მეგობარს ვსტუმრობდი გოსტიბეში, მთაში დავისვენე და ძალიან ვისიამოვნე, რადგან მანამდე წარმოდგენა არ მქონდა, რომ ასეთი ლამაზი იყო ქართლის ბუნება.
დღემდე აქტუალურია თქვენი დიეტის, ბარიატრიული ოპერაციის თემა. რამდენი კილოგრამის დაკლება მოახერხეთ და რამდენად რთული აღმოჩნდა რეაბილიტაცია?
ოპერაცია მართლაც ეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან 2 წელიწადში 92 კილოგრამის დაკლება შევძელი. მართალია, რეაბილიტაცია რთული აღმოჩნდა, მაგრამ ყველა უსიამოვნება დავძლიე. ხშირად ვადარებ ძველ ფოტოებს ახალს და აშკარად ვხედავ განსხვავებას, რადგან კილოგრამებთან ერთად თითქოს ასაკიც მომაკლდა, თუმცა თაყვანისმცემელიც დავკარგე, რატომღაც ბევრს მაშინ უფრო მოვწონდი, როცა 204 კილოს ვიწონიდი.
როგორ შეიქმნა სიმღერა „უცნაურად მოგეჩვიე“?
ძველი მელოდია მოვისმინე, ძალიან მომეწონა და სწორედ მისი შთაგონებით დავწერე ახალი სიმღერის ტექსტიც და მუსიკაც.
რატომ გადაწყვიტეთ მუსიკოსობა?
ბავშობიდან საკუთარ სამყაროში ვცხოვრობდი, სპექტაკლებს ვდგამდი და თოჯინების თეატრის დირექტორობაზე ვოცნებობდი. მოგვიანებით ოპერის მომღერლობა მოვინდომე, თუმცა 1990-იან წლებში, როცა ქვეყანაში სიტუაცია აირია, საკუთარ სურვილებზე უარის თქმა მომიწია. უამრავი ლექსი და სიმღერა დამიგროვდა, რადგან ყოველთვის შეყვარებული ვიყავი და სწორედ მაშინ გადავწყვიტე საკუთარი სიმღერების ჩაწერა და პუბლიკისთვის გაცნობა.

პირველ კომპოზიციას ხომ ვერ გაიხსენებთ?
სამწუხაროდ, პირველი სიმღერა არ ჩამიწერია, თუმცა ალბათ მალე მაგის დროს მოვა.
საკუთარი სიმღერების შესრულება უფრო მარტივია თუ სხვა კომპოზიტორების?
რა თქმა უნდა, საკუთარის, თუმცა, ძალიან მიჭირს ტექსტის დამახსოვრება, ამიტომ ყოველთვის თან მაქვს ამობეჭდილი ვერსია. იტალიაში კურიოზიც კი შემემთხვა, როცა ქართველი პუბლიკის წინაშე წავრსდექი და ვერაფრით გავიხსენე სიმღერის ტექსტი. სხვათა შორის, საკუთარი ლექსები უფრო მავიწყდება, ვიდრე სხვისი, რადგან წერის დროს უამრავი ვერსია მომდის თავში და ვერასდროს ვიმახსოვრებ საბოლოოდ რომელი ავირჩიე.
თქვენი დაკვირვებით, რომელი სიმღერი მოსწონს პუბლიკას ყველაზე მეტად?
ძალიან მოსწონთ ცირა ბზიშვილის „მინდა ამის თქმა“, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით უცხოეთში სარგებლობს. სამწუხაროდ, არასდროს ვყოფილვარ ტელეეთერებით განებივრებული. მართალია, რამდენიმე გადაცემა მუდმივად ინტერესდება ჩემი შემოქმედებით, მაგრამ რამდენიმესთვის საერთოდ მიუღებელი ვარ, ერთ-ერთ არხზე ისიც კი თქვეს, თითქოს არც ხმა მაქვს, არც სმენა და ძალიან მიჭირს სიმღერის ჩაწერა.
ვის ეკუთვნის სიმღერა „შენი მჯეროდა“?
სიმღერა ნანა პავლიაშვილმა დაწერა. მართალია, რამდენიმე წელი ვაჭიანურებდი მის ჩაწერას, მაგრამ არა სიზარმაცის, არამედ ერთგვარი წინათგრძნობის გამო. ყოველთვის შემიძლია მოვლენების წინასწარ განსაზღვრა და კომპოზიციაც მხოლოდ მაშინ ჩავწერე, როცა მისი დრო მოვიდა. „შენი მჯეროდა“ – უნიკალური სიმღერაა, რადგან არასდროს კარგავს აქტუალურობას, ყველასთვის ახლობელია და ყველას საკუთარი ისტორია ახსენდება მისი მოსმენისას.
ვის ეძღვენება სიმღერა „დამიბრუნდი“?
არაჩვეულებრივი სიმღერის ავტორი ნანა პავლიაშვილია, არანჟირება კი თამაზ აბრამიძეს ეკუთვნის. სიმღერა დაშორებას ეძღვნება. ვფიქრობ, არასდროს არ ღირს ერთხელ წასული ადამიანის უკან დაბრუნება, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში რჩება ბზარი, რომლის ამოვსება შეუძლებელია.
ყველაზე უცნაური ჭორი, რაც საკუთარ თავზე გსმენიათ?
გავიგე, თითქოს გარდავიცვალე. არასდროს დავინტერესებულვარ, ვინ მოიგონა ამგვარი ჭორი, თუმცა რადგან ჭორები ვრცელდება, ე.ი. ვიღაცისთვის საინტერესო ვარ.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
სამწუხაროდ, 29 აგვისტოს საბერძნეთში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო, თუმცა რესტორან „ანდამატში“, სადაც ერთი კონცერტი უკვე მოეწყო, კვირაში ერთხელ ვგეგმავ გამოსვლას.
* რუბრიკა „კი ან არა“
თავად თუ მოგწონთ საკუთარი სიმღერები?
კი, რომ არ მომწონდეს არც ვიმღერებდი.
ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ კომპოზიტორობა თქვენი საქმე არაა?
არა, მსგავსი რამ არასდროს მიფიქრია.
ვინმესთან თუ გიმეგობრიათ ფულის გულისთვის?
თვითონ არასდროს, თუმცა ჩემთან ბევრი მეგობრობდა.
ვინმესი თუ შეგშურებიათ ოდესმე?
არასდროს, პირიქით, ძალიან მიხარია სხვისი წარმატება.
ბოდიში თუ მოგიხდიათ ისე, რომ დანაშაული არ გიგრძვნიათ?
ბოდიშს მხოლოდ მაშინ ვიხდი, როცა საკუთარ საქციელს ვნანობ და თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
ტყუილი თუ გითქვათ, რომელსაც ნანობთ?
ტყუილი მითქვას, თუმცა მხოლოდ იმიტომ რომ სხვა ყოფილიყო ბედნიერი.
ისეთი რამ თუ ჩაგიდენიათ, რასაც ვერავის გაუმხელთ?
რა თქმა უნდა.
მატერიალური პრობლემები თუ გქონიათ?
მქონია, თუმცა მშობლების წყალობით მეტ-ნაკლებად მარტივად დავძლიე.
გიორგი შალვაშვილი – დამიბრუნდი
გადაცემა სრულად
