წარმატებას გისურვებთ, რაჭველებო! დაიწყეთ თქვენი ბიზნესი, გლეხობიდან გახდით ფერმერები და რაც შეიძლება მეტ ტურისტს უმასპინძლეთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამბროლაურში პროექტის „სახელმწიფო შენი პარტნიორის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ეს გახდება მიზიდულობის ძალა ყველა ჩვენი აქტიური მოქალაქისთვის. ამ რეგიონისთვის სოფლის მეურნეობით დაწყებული, ტურიზმით გაგრძელებული და მეწარმეობით დამთავრებული ყველაფერი მნიშვნელოვანია. როცა ვუყურებთ, რა ხდება ამბროლაურში, ონში ძალიან დიდი იმედის მომცემია. აბა, წარმატებას გისურვებთ, რაჭველებო!” – განაცხადა გახარიამ.
დღეს დაიწყო პროგრამა „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“, რომელზეც მუშაობა, პრემიერის თქმით, რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ცოტა ადრეც უნდა დასრულებულიყო.
გიორგი გახარიამ ამბროლაურში, ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება.
ძალიან კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობა და ფსიქოლოგიური სტრესია, როდესაც ადამიანი დაქირავებული სამსახურიდან იწყებს კერძო ბიზნესში გადასვლას, უნდა გახდეს მეწარმე და დგამს პირველ ნაბიჯებს. ეს უდიდესი პრობლემაა, ფინანსური პრობლემები, ცოდნა, ბაზარი და ა.შ. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოქალაქეებს მივეხმაროთ ამ პირველი ნაბიჯის გადადგმაში. ადამიანი სახელმწიფოს ეუბნება – მომეხმარე და მე მზად ვარ, პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ავიღო. თუ გაუმართლა და კარგი მეწარმე გამოდგა, შემდეგ ის უკვე პასუხისმგებლობას აიღებს მეზობელზე, მას დაასაქმებს და ძლიერი ოჯახი, ძლიერი რეგიონი არის ძლიერი ქვეყანა.
მინდა იცოდეთ, რომ ის, რასაც 2012 წლიდან ვაკეთებთ, აბსოლუტურად გააზრებულია. სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა, ჩვენ, ყველას შეგვიქმნას თანაბარი უფლებები და სამართლიანი პირობები, მოგვეხმაროს იქ, სადაც მას შეუძლია და შემდგომ უკვე თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, მივეხმაროთ სოფლელებს, ქალაქელებს, დავასაქმოთ სხვა ადამიანები და ასე გავაძლიეროთ ქვეყანა.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს და ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანს და იუსტიციის სამინისტროს, რომ ეს ეკონომიკური აქტივობა საზოგადოებრივ ცენტრში შეიყვანა.
„სახელმწიფო – შენი პარტნიორი“, ეს არის საქართველოს მთავრობის პროექტი, რომელიც მეწარმეებს, ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღოს დეტალური ინფორმაცია და მომსახურება, რასაც მეწარმეობის სტიმულირებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სახელმწიფო პროგრამები ითვალისწინებს.
პროექტი ითვალისწინებს ერთიანი სივრცეების შექმნას საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში. ერთიან სივრცეებში, ერთი ფანჯრის პრინციპით მოქალაქეები შეძლებენ ადგილზე ისარგებლონ ინფრასტრუქტურით და შეავსონ განაცხადები, ბიზნესის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.
