LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე ირანის სულიერი ლიდერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა თასხირის გარდაცვალების გამო ირანის მოქალაქეებს თანაგრძნობას უცხადებს.

პატრიარქის სამძიმრის წერილში აღნიშნულია, რომ აიათოლა თასხირმა მუსლიმური და ქრისტიანული ურთიერთობის ისტორიაში უჩვეულო ფაქტს დაუდო სათავე. კონკრეტულად კი, მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელთა პატივსაცემად გამართული საზეიმო სადილის სუფრა ირანის სულიერმა ლიდერმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს დაალოცინა და აკურთხებინა.

„სამძიმარი აიათოლა თასხირის გარდაცვალების გამო.

მინდა, გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება ირანის სულიერი ლიდერის უმაღლესი მრჩევლისა და ექსპერტთა საბჭოს წევრის, ირანის რელიგიათა ურთიერთობის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, აიათოლა თასხირის გარდაცვალების გამო.

იგი იყო გამორჩეული პიროვნება, რომელსაც ირანში საქართველოს ეკლესიის დელეგაციის ვიზიტად ყოფნისას გავეცანით. აიათოლა თასხირი ჩვენ უშუალოდ გვმასპინძლობდა და თავისი განათლებით, სითბოთი და სტუმრისადმი განსაკუთრებული პატივისცემით გვაკვირვებდა.

მაშინ მან თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და, ჩემი აზრით, არა მარტო საქართველოსა და ირანის, არამედ მუსლიმური და ქრისტიანული ურთიერთობის ისტორიაში მეტად უჩვეულო ფაქტს დაუდო სათავე, როდესაც ჩვენი ეკლესიის წარმომადგენელთა პატივსაცემად გამართული საზეიმო სადილის სუფრა (რომელსაც ასობით მაღალი რანგის მუსლიმი სასულიერო პირი ესწრებოდა) საქართველოს ეკლესიის მეთაურს დაალოცინა და აკურთხებინა.

სწორედ ასეთი ადამიანები სიკეთისკენ ცვლიან ხოლმე ვითარებას და ქვეყნებსა და ხალხებს შორის საუკუნეობით არსებული მტრობისა და შუღლის კედლების დანგრევას დიდად უწყობენ ხელს.

გულით ვწუხვართ ამქვეყნიდან მისი წასვლის გამო, რადგან მას კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო. ვუსამძიმრებთ ირანის ხელისუფალთ და მოსახლეობას, საერთოდ, ყველას, ვისთვისაც ძვირფასი იყო დიდი ადამიანი – აიათოლა თასხირი“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.