ჩეხური გამოცემის Auto.cz–ს ინფორმაციით, Skoda Octavia–ს ადგილობრივი მომხმარებლები უცნაურ სირთულეს გადააწყდნენ: ხმოვან ასისტენტ Laura–ს ჩეხური ენა არ ესმის. პრობლემის გადაჭრა დილერებმა მულტიმედიური სისტემის განახლებით სცადეს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდა და უსაფრთხოების ბალიშები გამოვიდა მწყობრიდან.
ხმოვანი ასისტენტი „ლაურასთვის“ ჩეხური ენა მშობლიურია. მიუხედავად ამისა, „ლაურას“ მითითებები არ ესმის და შესაძლოა არაადეკვატური რეაქციაც კი ქონდეს.
როგორც ავტომფლობელები ჩივიან, ავტომობილს შეუძლია რომ მუსიკა ჩართოს ან გამორთოს, სმარტფონის შეერთებისას სირთულე წარმოქმნას და ა.შ. ერთ–ერთმა ავტომფლობელმა ისიც თქვა, რომ „ლაურამ“ მოულოდნელად ქსელში რაღაცის ძებნა დაიწყო და მის გასაჩერებლად მთელი სისტემის გადატვირთვა გახდა საჭირო.
შექმნილი სიტუაციის შესახებ განცხადება გააკეთა თავად „შკოდამაც“. ბრენდის წარმომადგენელთა განცხადებით, ახალი Octavia კლიენტებს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს სთავაზობს და მოდელის გაუმჯობესებაზე მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს.
