LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსზე ტესტირება მეც გავიარე, ვგეგმავთ სამ დღეში ერთხელ ჩავიტაროთ ტესტირება – ირაკლი კობახიძე

მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, პარტიის უსაფრთხოებისთვის გარკვეული ზომები იქნა მიღებული.

როგორც “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, შეზღუდვები წინასაარჩევნო კამპანიას არ შეაფერხებს და მალე შტაბი მუშაობის სტანდარტულ გრაფიკს დაუბრუნდება.

“კამპანია აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება. ჩვენ შედარებით შევზღუდეთ შტაბის თანამშრომელთა მოსვლა საარჩევნო ოფისში და ასევე, სპეციალური ზომებია მიღებული მათ შორის, პირბადე, თერმოსკრინინგი და ა.შ. ანუ პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ზომა არის მიღებული, იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც პარტიის ოფისის თანამშრომლების, ისე ჩვენი სტუმრების უსაფრთხოება”, – აცხადებს კობახიძე.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ “კოვიდ 19”-ზე ტესტირება მანაც გაიარა და პასუხი უარყოფითი იყო. მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვირუსი შტაბის სამ თანამშრომელს დაუდასტურდა სიცრუეა.

“ტესტირება მეც გავიარე და შტაბის სხვა წარმომადგენლებმაც. გუშინწინ ჩატარდა ჩვენი ტესტირება და პასუხი იყო უარყოფითი. ვგეგმავთ, რომ როგორც პროტოკოლით არის გათვალისწინებული, სამ დღეში ერთხელ ჩავიტაროთ ტესტირება. თალაკვაძის დაცვის ერთი წევრი დაინფიცირდა კორონავირუსით. ის ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენი სამი თანამშრომელია ინფიცირებული, არ შეესაბამება სიმართლეს. უბრალოდ ამ დაცვის წევრთან შემხებლობაში მყოფ კიდევ 2 ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი, თუმცა ისინი ჩვენი თანამშრომლები არ არიან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც  ასევე “კოვიდ 19” პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის წევრსაც დაუდასტურდა. არჩილ თალაკვაძე ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება.