LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ეს სიმღერა ეძღვნება ადამიანს, რომელიც ძალიან მიყვარდა” – გიორგი ჩიტაური პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

რადიო ,,არ დაიდარდოს” გადაცემას ,,რადიო დუეტს” მომღერალი გიორგი ჩიტაური ესტუმრა, რომელმაც რადიოს ეთერში ცოცხლად შეასრულა სიმღერა და ახალი სიმღერის პრემიერაც შემოგვთავაზა.

როგორც ვიცით ჯანმრთელობასთან გქონდა პრობლემები, რაც მეგობრების და ახლობლების დახმარებით გადალახე

პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, თქვენ და  ჩემს საყვარელ მსმენელს. პანდემიის პერიოდში დიდი ფუფუნებაა რადიოში მოსვლა, ამიტომ თქვენ ამისთვის გიხდით დიდ მადლობას. რაც შეეხება ჩემი ცუდად ყოფნის პერიოდს, მინდა  ყველა იმ ადამიანს  გადავუხადო მადლობა, ვინც გვერდში დამიდგა. როდესაც ცუდად ხარ ადამიანის ერთ სიტყვასაც კი დიდი ფასი აქვს. ღვთის წყალობით და კეთილი ადამიანების დახმარებით ყველაფერმა კარგად ჩაიარა.  გავდივარ პატარ-პატარა კურსს და შეიძლება ითქვას, რომ ფინიშთან ვარ.

ახალ სიმღერებზე მუშაობ, მოდი ამაზე ვისაუბროთ

საბედნიეროდ დამიგროვდა ბევრი სიმღერა, ბოლოს ფატი ბროლაშვილთან ერთად ვიყავი თქვენთან მოსული, დუეტით. დიდი ხანია სიმღერის სტუდიური ჩანაწერი არ მქონია, რადგან ვიყავი სწავლით და სხვადასხვა საქმით დაკავებული. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც შემიძლია ვთქვა, რომ ზოგი ჭირი მარგებელია, პანდემიის პერიოდი საკმაოდ კარგად გამოვიყენე. ჩავწერე 5 სიმღერა, რამოდენიმე კი არის საავტორო.

როგორ ფიქრობ, შენი რეპერტუარიდან რომელი სიმღერაა მოთხოვდანი

რამდენიმე თვეა, რაც ჩემი იუთუბ არხი შევქმენი, მანამდე რაც იწერებოდა იდებოდა სხვადასხვა გვერდიდან. ახლა კი ამ ყველაფრის გაერთიანება მოხდა. ასე კონკრეტულ სიმღერას ვერ გამოვყოფ, რადგან თანაბარი რეიტინგი აქვს თითქმის ყველას. ჩემთვის საყვარელი სიმღერა არის ”მონატრება”, რომელიც დღეს მოგიტანეთ, ეს დაიწერა ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც სამშვიდობოს გამოვედი, ამიტომ თავისი ისტორიით შეიქმნა. სამი თვე დავყავი სავადმყოფოში, სადაც დამიგროვდა დიდი პოტენციალი.

შენი რეპერტუარიდან დღემდე ყველაზე აქტიური ”მთის სატრფიალოა”  

ეს სიმღერა თქვენი ეთერის საშუალებით ხშირად ტრიალებდა და დაგეთანხმებით, რომ მოთხოვნადია. შეიძლება მისი ახლებური ვერსიის გაკეთებაც.

როგორც თავად აღნიშნე გქონდა პაუზა, ახლა კი გვითხარი როგორია სამომავლო გეგმები

დღეს უნდა გვქონოდა ერთ-ერთ რაიონში კონცერტი, რომელიც ჩაიშალა და გადაიდო სექტემბრის თვეში, მომხდარი სამწუხარო ამბის გამო, ხევსურეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე მაქვს საუბარი. მინდა ვისარგებლო და  ეთერის საშუალებით მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. პანდემიის პერიოდშიც, როდესაც დუმდა შოუ ბიზნესი, მაინც მოვახერხეთ და ჩავატარეთ კონცერტები ღია ცის ქვეშ. ერთი საქველმოქმედო კონცერტი გვქონდა თბილისში, ავჭალაში, რომელიც საკმაოდ მასშტაბური იყო, ასევე იყო გასვლითი საქველმოქმედო ღონისძიებაც. მინდა ვთქვა, რომ ამ პროფილითაც აუცილებლად გავაგრძელებთ კონცერტების ჩატარებას, ადამიანებმა აუცილებლად უნდა ვაკეთოთ სიკეთე, ისე როგორც შეგვიძლია. ამ ღონისძიებებში ასევე ჩართულია ჩვენი საყვარელი ფატი ბროლაშვილი, რომელიც თქვენი მეგობარიცაა. გზები, როდესაც გაიხსნება ვაპირებ წასვლას საფრანგეთში, იტალიაში, ისრაელში და საბერძნეთში, სადაც უკვე მოლაპარაკებები შედგა.  ასევე ვაპირებ კრებულის გამოცემას, პანდემიამ ლექსების წერაც დამაწყებინა.

ახლა კი ვისაუბროთ სიმღერაზე, რომელსაც დღეს დავაპრემიერებთ

,,მონატრება” ალბათ იმიტომ, რომ ბევრი რამ მომენატრა. ეს სიმღერა ეძღვნება ადამიანს, რომელიც ძალიან მიყვარდა, თუმცა ისტორია კარგად არ დამთავრებულა, რადგან ვისაც წასვლა უნდა აუცილებლად უნდა წავიდეს. წლევანდელი წელი დაიწყო ძალიან კარგად თავიდან დავიბადე მეც და ჩემი შემოქმედებაც. მუსიკა არის ჩემი გაკეთებული, ტექსტი ეკუთვნის ახალგაზრდა ბიჭს, ჩემს ახლობელს ავთო დოლიაშვილს, სიმღერა ჩაიწერა შოუბიზნესის მამასთან, ზაზა გოჩიტაშვილთან. დარწმუნებული ვარ, რომ შეიყვარებენ ამ სიმღერას.  მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, რადგან ჩემი სიმღერების უმრავლესობა მოდის თქვენთან. იმედი მაქვს, რომ კიდევ ხშირად შევხვდებით ერთმანეთს.

 

გიორგი ჩიტაური – მონატრება

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გიორგი ჩიტაური – მთვარე და ურმული. Live

 

გიორგი ჩიტაური – სიზმარი. Live

 

გიორგი ჩიტაური. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები