LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5-დღიანი კარანტინი საკმარისია: გერმანიის მთავარი ვირუსოლოგი

გერმანიაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საკარანტინე პერიოდის 14-დან 5 დღემდე შემცირებას ითხოვენ. მოთხოვნა გერმანიის მთავარი ვირუსოლოგის, კრისტიან დროსტენის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ გააჟღერეს, სადაც პროფესორი ამბობდა, რომ 5 დღის შემდეგ “კოვიდ 19” გადამდები აღარ არის.

კრისტიან დროსტენი, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას გამოჩენის დღიდან უდგას სათევში, მიიჩნევს, რომ ამჟამად დაწესებული საკარანტინე პერიოდი უსაფრთხოების ნორმების დაცვის ნაცვლად ადამიანების ჩაკეტვაზეა ორიენტირებული. მისივე თქმით, ვირუსზე ტესტირებას 5 დღემდე აზრი არ აქვს, და მხოლოდ 5 დღის გასვლის შემდეგ არის შესაძლებელი იმის გაგება, არის თუ არა პირი ინფიცირებული ან ვირუსის მატარებელი.

“უკვე არსებობს, ასე ვთქვათ, მკვეთრად გამოხატული თეზისი. 5 დღის შემდეგ ვამბობთ, რომ ინფექციური პერიოდი დასრულებულია. სკოლების, კლასების, სამუშაო ადგილების კვირების განმავლობაში კარანტინში მოქცევას არაფერი მოაქვს”, – ამბობს ვირუსოლოგი.

როგორც გერმანიის სოციალ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი და კელნის უნივერსიტეტის პროფესორი, კარლ ლაუტერბახი აცხადებს, პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა, სამეცნიერი მონაცემებზე დაყრდნობით 14-დღიანი კარანტინის პერიოდი უნდა შეამციროს.

“სიმპტომების გაჩენიდან 5 დღის შემდეგ ადამიანების უმეტესობა ვირუსის გადამდები არ არის, მაშინაც კი, თუ “პისიარ” ტესტი კვლავ დადებითია”, – თქვა მან გერმანულ ყოველკვირეულ Die Welt-თან საუბარში.

ქვეყანაში არსებული საკარანტინე სიტუაციის შესაფასებლად, ამ ეტაპზე კვლევა მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტრო საბოლოო ანგარიშს ევროპელ პარტნიორებს წარუდგენს, რის შემდეგაც შესაძლოა, ქვეყანაში საკარანტინე პერიოდი შემცირდეს.