პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების დაწესების საჭიროება არ დადგეს. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის გამოვლენის გამო, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს დაფიქსირებული ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი პანიკის საფუძველს არ ქმნის, თუმცა ძალიან საყურადღებოა.
“საკმაოდ დაძაბულია ვითარება ევროპის რეგიონში. დასავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში შემთხვევათა მნიშვნელოვანი ზრდაა, განსაკუთრებით ესპანეთში, საფრანგეთში და იგივე, ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. სერიოზული ზრდა გახლავთ უკრაინაში, მოლდოვაში, ბელარუსში, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე ჩვენს უშუალო მეზობლებში.
„პარაგრაფში“ მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა: ემუქრება თუ არა სასტუმროს დაკეტვა
რა თქმა უნდა, მათთან შედარებით, ამ ეტაპზე, საქართველო რჩება, ისევ და ისევ, ოაზისად, რამეთუ ჩვენთან საერთო შემთხვევათა რაოდენობა შედარებით მცირე გახლავთ. დღევანდელი დილის მონაცემებით ეს არის 1729 დადასტურებული შემთხვევა, მოყოლებული 26 თებერვლიდან, მაგრამ დღევანდელი დილისთვის, ჩვენ გვქონდა ახალი 45 შემთხვევა, რაც ამ ხნის განმავლობაში, რაც ეპიდემიაა ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ეს არ არის პანიკის საფუძველი, მაგრამ ძალიან საყურადღებოა, რამეთუ, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, მოეშვა. ჩვენ გარკვეულად შევიქმენით ილუზია, რადგან ყველაზე უკეთესად გამოვიყურებით რეგიონში, რომ საქართველოში თითქოს დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია და ამაზე ვპასუხობთ, რომ არა.
ცალკეულ, ერთ აღებულ ქვეყანაში, არ შეიძლება კორონავირუსული ინფექციის დამარცხება, ეს გახლავთ გლობალური პრობლემა და ამას, მთელი სამყარო, ერთიანად გადაწყვეტს და ამას დასჭირდება სულ მცირე 1 წელი, წელიწადნახევარი,”- განაცხადა გამყრელიძემ.
„რეგულაციები მხოლოდ ფურცელზე წერია“… გაუძლებს თუ არა საქართველოს ეკონომიკა მეორე კარანტინს?
ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, დაიცვან დისტანცია, ატარონ პირბადე და სადეზინფექციო საშუალებებით დაიმუშაონ ხელები.
„ეს იქნება 20,25,30 თუ 45 შემთხვევა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ყველაფერი ეს არის კონტროლირებადი და მართვადი. ყველამ ვატაროთ პირბადე სადაც ეს აუცილებელია და ეს გახლავთ დახურული შენობები, ეს გახლავთ ტრანსპორტი, იქნება საქალაქო ტრანსპორტი, მეტრო თუ ტაქსი. დამტკიცებულია, რომ პირბადე გახლავთ ყველაზე ძლიერი დამცავი საშუალება ინფექციის გავრცელების. ასევე, ვეცადოთ, რომ დავიცვათ ყველგან დისტანცია და ხშირად დავიმუშაოთ ხელები სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებებით“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
