“უმეტესობა ვირუსს მარტივად გადაიტანს, თუ არ ჰყავთ ვინმე ქრონიკული დაავადებებით” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე განაცხადა.
როგორც ინფექციონისტი “იმედის ეთერში” აცხადებს, ქვეყანაში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მოსალოდნელი იყო და სავარაუდოდ ვირუსის შემთხვევები კვლავ მოიმატებს.
იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ საზოგადოება წესებს არ დაიცავს და ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების ეტაპამდე მივალთ, შესაძლოა ეპიდემიოლოგებმა ყველა შემთხვევის გამოვლენა ვეღარ შეძლონ.
“მატება რომ იქნებოდა, ფაქტია, რადგან ყველაფერი გაიხსნა. ეს მოსალოდნელი მატებაა, რადგან მთელი საქართველო დასასვენებლად იყო, როგორც აჭარაში, ისე სხვადასხვა რეგიონში. არ ვიყოთ იმის იმედზე, რომ ვირუსი შესუსტდა და არ დაავადდებით, ვეცადოთ, რომ არ დაგვემართოს. არავითარი თავშეკავების საჭიროება არ არის სხვადასხვა რეგიონში გასამგზავრებლად. წესები ყველგან უნდა დავიცვათ, მნიშვნელობა არ აქვს თბილისი იქნება თუ ბათუმი. თუ კი დავიცავთ წესებს, კორონავირუსის ნაკლები შემთხვევა გვექნება”, – აცხადებს იმნაძე.
ინფექციონისტის თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ვირუსს მარტივად გადაიტანს, თუმცა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს და მოხუცებს რისკის ქვეშ დააყენებს.
“კი, უმეტესობა ვირუსს მარტივად გადაიტანს, მაგრამ მათ თუ არ ჰყავთ ვინმე ქრონიკული დაავადებებით, რომლის მოკვლასაც აპირებს იმიტომ, რომ თვითონ არაფერი მოუვათ და არ უფრთხილდებიან მათ, კი ბატონო”, – დასძინა მან.
რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, პაატა იმნაძის ვარაუდით, ვაქცინა ზამთრის პერიოდისთვის უკვე იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა მოსახლეობა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ თავს, გარშემომყოფებს და ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომანდაციები მკაცრად დაიცვას.
