რადიო ,,არ დაიდარდოს” გადაცემას ,,რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” მუსიკოსი და რეპერი მასტერი სტუმრობდა, რომელმაც რადიოს ეთერში შეასრულა სიმღერა ,,დამსინა” და ახალი სიმღერის პრემიერაც შემოგვთავაზა, სახელწოდებით ,,მარია”.
მოვიყევი, როგორ დაიწყო შენი მუსიკალური ცხოვრება..
პირველ რიგში მივესალმები ,,არ დაიდარდოს” მსმენელს, ეს არის რადიო, რომელიც უცვლელად ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას და არის რეიტინგში პირველი, შესაბამისად მეც მიხარია, რომ თქვენს გვერდით ვარ. ამერიკიდან ვიყავი ახალი ჩამოსული, სადაც ვეზიარე ჰიპ-ჰოპის სიყვარულს. მეგობარმა მითხრა, რომ რეპის ჩაწერა უნდოდა და მუსიკის გაკეთება სჭირდებოდა და მე გავუკეთე ის ბიტი, რომელიც პირველი სიმღერისთვის უნდა გამოეყენებინა. როდესაც სტუდიაში გავყევი, ხმის რეჟისორმა მითხრა, რომ კარგად გამომდიოდა რეპი, ზუსტად აქედან დაიწყო ყველაფერი. მადლობა სანდრო ნაკაშიძეს, ჩემს უახლოეს მეგობარს, რომელმაც მიბიძგა ამისკენ.
როგორც ვიცით გარკვეული პერიოდი იყავი მოსკოვში, რატომ დაბრუნდი საქართველოში?
მოსკოვში ვიყავი ორი წელი, სოსო პავლიაშვილთან ერთად, სადაც ვიღებდი კლიპებს და ვისწავლე ბევრი რამ, თუმცა ჩემი თავი იქ ვერ დავინახე და წამოვედი. იმ პერიოდში ჩემი 7-8 კლიპი გამოვიდა, შესაბამისად ქართველი მსმენელი ჩემს არ ყოფნას არ განიცდიდა.
შენზე ამბობენ, რომ საკმაოდ ამბიციური ადამიანი ხარ…
რეპერი ყოველთვის ამბიციური უნდა იყოს, თუმცა, არასდროს ადამიანს ჩემთან ურთიერთობაში არ შეექმნება კომფორტი, რომ ვინმეს ზემოდან ვუყურებ. შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე უშუალო არტისტი ვარ ჩემს მსმენელთან, ამას თავადაც ამბობენ.

როგორ იწერება შენი სიმღერები?
ყოფილა მომენტი, როდესაც ვერ დამიძინებია, დილის 6 საათზე ავმდგარვარ და ტრეკი ჩამიწერია. სტუდია მაქვს სახლში ამიტომ ფუფუნებაც მაქვს სიმღერის ჩაწერის. პირველ რიგში ვქმნი მუსიკას და შემდეგ სხვა დანარჩენს. ჯერ მუსიკამ უნდა მითხრას რა შინაარსის ტექსტი მოუხდება.
მოგვიტანე ახალი სიმღერა სახელწოდებით ,,მარია”, მოგვიყევი ამის შესახებ..
ეს კლიპი დაიდო რამდენიმე დღის წინ და უკვე 112 000 ნახვა აქვს. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ჩემს სოციალურ ქსელს და ბევრი გამომწერიც მყავს, წლების წინ ცნობილი ტელევიზიები კლიპის პრემიერებზე უარს მეუბნებოდნენ, ახლა კი ძალიან ხშირად მირეკავენ. მე და ჩემმა მეგობარმა გაგა ვარდანიძემ, რომელიც შეფია, 24 ივლისს გავხსენით ბურგერ რესტორანი. როდესაც მის გახსნაზე ვმუშაობდით, გაგამ მითხრა, რომ ლათინო სტილი მომიხდებოდა, წავედი სახლში და ჩავუჯექი მუსიკას. კლიპის გადაღებები მიმდინარეობდა თბილისსა და ბათუმში. მუსიკა ტექსტი, არანჟირება მეკუთვნის მე, ხოლო კლიპის პროდუსერი არის გიორგი გურგენაძე.
როგორია სამომავლო გეგმები?
ეს სიმღერა, რომელიც დღეს მოგიტანეთ ჩემი წლევანდელი 21-ე სიმღერაა, არასდროს არ ვჩერდები, პანდემიის პერიოდშიც ჩავწერე სიმღერა ,,stay home”, ამით ხალხს მოვუწოდებდი, რომ სახლში დარჩენილიყვნენ. გადამედო მარტშივე დაგეგმილი ზაფხულის 9 კონცერტი, თუმცა მე და ჩემმა ბენდმა მაინც მოვახერხეთ და აგვისტოში ჩავატარეთ 5 კონცერტი. ასევე 2 კონცერტი იგეგმება თბილისში ისევ ჩემს ბენდთან ერთად. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ მალე გამოვა კლიპი კაბუსთან ერთად, ჯერ კიდევ მისი ნიცაში ყოფნისას ჩავწერეთ ეს დუეტი. მინდა მას მივულოცო სცენაზე დაბრუნება და ვუსურვო დიდი წარმატება, 2 კონცერტი ქონდა ბათუმში, რომელსაც მეც დავესწარი. დიდი მოტივაციაა, როდესაც იცი, რომ შენი შექმნილი სიმღერა გაჟღერდება ისეთ რადიოში, როგორებიც თქვენ ხართ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ველოდები ,,ოქროს ტალღას”.
მასტერი – მარია
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მასტერი – დამსინა . Live
მასტერი. “კი ან არა”
მასტერი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები





