დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევებს, რაც ახლა გვაქვს, თავისუფლად გავუძლებთ. ამის შესახებ მან საკოორინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა.
“რაც ახლა გვაქვს შემთხვევები, ამას თავისუფლად გავუძლებთ. ჩვენ არ გვინდა გვქონდეს ასეულები, თორემ სამი ათეული, ორი ათეული, ხუთი ათეული, ამას გავუძლებთ. მთავარია, რომ ეს პროცესი ქვეყანაში მართვადია”, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა პროგნოზირებადი იყო.
“ვპროგნოზირებდით, რომ აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გვექნებოდა შემთხვევების ზრდა ქვეყანაში ძირითადად ადგილობრივი და იმასაც ვპროგნოზირებდით, რომ ეს ყველაფერი აჭარიდან დაიწყებოდა, რადგან იქ იყო ამის ნიშნები. იგივე სერიოზული გამოცდა გველის ახლა ჩვენ. მობილობის დიდი ზრდა იქნება სწავლის დაწყებისას მომდევნო კვირაში”, – აცხადებს გამყრელიძე.
მისივე თქმით, ქვეყანა ახლა გამოცდას გადის, თუმცა ყველაფერი მართვადია.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება. გამყრელიძე განმარტავს, რომ ზოგადად ჩაკეტვის პოლიტიკა, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, თუ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება, დღის წესრიგში აღარ დგას.
„დღეს მთელ მსოფლიოში ინფექციის მართვის პოლიტიკა არის ე.წ. ბალანსირებული პოლიტიკა. ერთის მხრივ სწრაფი იდენტიფიცირება, გამოვლენა, მათი სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსება ან იზოლირება, მეორეს მხრივ, აუცილებლად ეკონომიური აქტივობების გაძლიერება, რამეთუ საჭიროა, რომ დოვლათი შეიქმნას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს და დღევანდელი მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. გამყრელიძის თქმით, ყველაზე ცხელ წერტილად ქვეყნის მასშტაბით აჭარა რჩება.
ამირან გამყრელიძემ იმ მოქალაქეებს მოუწოდა კორონავირუსზე ტესტირების ჩატარებისკენ, ვინც ბათუმში, საკონდიტრო „დონაში“, რესტორან „მრავალჟამიერში“ და სასტუმრო „ოაზისში“ იმყოფებოდა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ახალ კორონავირუსზე ტესტირება კიდევ უფრო გაფართოვდება, აქტიურად დაიგზავნება გამაფრთხილებელი შეტყობინებები.
„დაიგზავნა სამთავრობო შეტყობინება, სადაც წერია, რომ ბათუმში, საკონდიტრო „დონაში“ 20 აგვისტოს შემდეგ ნამყოფი პირები სასურველია, სამედიცინო დაწესებულებებში მიბრძანდნენ და ტესტირება ჩაიტარონ.
ასევე, სასურველია ჩაიტარონ ტესტირება მათ ვინც, იმყოფებოდა „ოაზისში“ 30-31 აგვისტოს და რესტორან „მრავალჟამიერში“, ქორწილში, სადაც გვაქვს 8 შემთხვევა. იქ ნამყოფმა ადამიანებმა სასურველია ტესტირება ჩაიტარონ სახელმწიფოს ხარჯზე.
ვაფართოებთ ტესტირებებს, უფრო ხშირად დაიგზავნება სხვადასხვა მოწოდების შეტყობინებები, საზოგადოება ყურადღებით უნდა იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძე განმარტავს, რომ აჭარაში საკმარისი რაოდენობის სამედიცინო დაწესებულებებია იმისთვის, რომ კორონავირუსით ინფიცირებულები მიიღონ და უმკურნალონ.
გარდა ამისა, როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ ადამიანებს ძირითადად არა მკურნალობა, არამედ სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდებათ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, თავად მოქალაქებმა უნდა მივცეთ შენიშვნები ერთმანეთს, თუკი დავინახავთ, რომ ვინმე ვირუსის გავრცელების შეკავებისთვის დაწესებულ წესებს დაარღვევს.
“მიჩვეული ვართ, რომ ვიღაცამ უნდა გვაკონტროლოს. ერთმანეთს უნდა მივცეთ შენიშვნები. როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიღაცას არ უკეთია ნიღაბი, კეთილი ვინებოთ და მივცეთ შენიშვნა ადამიანებს, ეს არის რეკომენდაცია”, – აცხადებს გამყრელიძე.
ამირან გამყრელიძე დამსაქმებლებს მოუწოდებს, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის აკონტროლონ დასაქმებულების სიმპტომები.
“ძალიან გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია, რომ ყველა დამსაქმებელი ვალდებულია, ადევნოს თვალი თავისი დასაქმებულების ჯანმრთელობას. არ დაუშვას დაწესებულებაში მომატებული ტემპერატურით ადამიანი და ისინი გადაამისამართონ ცხელების ცენტრებში”, – განაცხადა მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში კოვიფინფიცირების ახალმა შემთხვევებმა იმატა, რის გამოც შეზღუდვების ნაწილი გახანგრძლივდა და ახალი დაწესდა.
200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით ღონისძიებები აიკრძალება, ოღონდ ეს საარჩევნო პროცესს არ ეხება
თეატრები და კინოთეატრები აღარ გაიხსნება: იკრძალება ქორწილები და ქელეხებიც
