“ჩვენ ბუნებით უფრო იტალიელებსა და ესპანელებს ვგავართ, ვიდრე შვედებსა და გერმანელებს, რომლებიც ზედმიწევნით ასრულებენ მითითებს და კანონმორჩილები არიან”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ დიღომში ჩამოყალიბებულ ახალ კლასტერზე საუბრისას “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობას ჯერ კიდევ უჭირს გათავისება, რომ თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს.
“ჩვენი ტრადიციები, ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის სარიტუალო შეკრებები… ამიტომ უჭირს მოსახლეობას ჯერ ამის გათავისება, მაგრამ უკვე არის ნიშნები, რომ ხდება საჭირო მიმართულებით საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება”, – განაცხადა თენგიზ ცერვაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, სოფელ დიღომში კორონავირუსით ინფიცირებულთა ე.წ. კლასტერი გაჩნდა. ინფიცირების შემთხვევები დაბადების დღეს უკავშირდება.
დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, 22 პაციენტი კი გარდაცვლილი.
