LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულხან სალაძე, თინათინ ბოკუჩავა, საბა ბუაძე, ვახტანგ ჭარაია – კვირის მნიშვნელოვანი თემებით გადაცემაში ,,რეალური დრო”

გადაცემის Live

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა ,,რეალური დრო თეონა ცხომელიძესთან ერთად“ რადიოსადგურ ,,ფორტუნას“ ეთერში – ყოველ პარასკევს, 19.00 საათზე.

კვირის თემებზე 25 სექტემბრის გადაცემაში წამყვანთან ერთად იმსჯელეს:

• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე
• ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი თინათინ ბოკუჩავა
• „ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბა ბუაძე
• ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია

“პრევენცია, რომ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები არ იქნება, ვერ მოხდება” – საიას თავმჯდომარე არჩევნებზე

“ახალგარზდა იურისტთა” ასოციაციის თავმჯდომარე ცხელ საარჩევნო პერიოდს ელოდება და ამბობს, რომ სექტემბერ-ოქტომბერი უფრო დაძაბული იქნება.
როგორც სულხან სალაძემ “ფორტუნას” ეთერში, გადაცემაში – “რეალური დრო თეონა ცხომელიძესთან ერთად” განაცხადა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ფიზიკური დაპირისპირებების ალბათობაც იმატებს.

„პრევენცია, რომ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები არ იქნება, ვერ მოხდება, თუმცა მთავარია გამოძიება. მხოლოდ ის რომ გამოძება იწყება, არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია ეს გამოძიება მიდის თუ არა კონკრეტულ შედეგებამდე,“- აცხადებს სულხან სალაძე.

ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული კონკრეტული ძალადობრივი ფაქტები, საიას წინასაარჩენო გარემოს შესახებ ანგარიშშიც მოხვდება. დოკუმენტს ორგანიზაცია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.

 

ვინ იქნებიან “ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ სიაში – თინათინ ბოკუჩავას პასუხი “ფორტუნას”

“ნაციონალური მოძრაობის” პარტიის სიის დეტალებზე დღეს გადაცემა “რეალურ დროში” თინათინ ბოკუჩავამ ისაუბრა.

„იქნება გარკვეული სიახლეც, თუმცა იქნებიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც, რომლებიც წლებია ვიბრძვით ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ”, – ამბობს ბოკუჩავა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიული სიას უახლოეს დღეებში წარადგენს. უკვე ცნობილია, რომ მასში პარტიის ძველი სახეები, მათ შორის, თინათინ ბოკუჩავაც იქნება. შემადგებლობაში მოხვდებიან პოლიტიკოსები ბლოკში შემავალი პარტიებიდანაც.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დაადასტურა, რომ პატიული სიის გამსვლელ პოზიციაზე იქნება წარდგენილი დევი ჭანკოტაძეც. გადამდგარი გენერალი, რომელიც წყალტუბოს ოლქში მაჟორიტარად არაოფიციალურად იყო დასახელებული და უკვე ატარებდა წინასაარჩევნო კამპანიას, ნანუკა ჟორჟოლიანმა ჩაანაცვლა.

თინა ბოკუჩავას თქმით, ჭანკოტაძე „ნაციონალური მოძრაობის” ეროვნულ კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას, რისი დროც მაჟორიტარი დეპუტატობის შემთხვევაში არ ექნებოდა.
„ჩვენ სურვილი გვაქვს რომ ის ჩაერთოს ნაციონალურ კამპანიაში. როდესაც ადამიანი მაჟორიტარობის კანდიდატია ეს მარტივი არ არის, რადგან უდიდესი დროის გატარება უწევს სამაჟორიტარო ოლქში,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

 

“ჩვენს შეხვედრებს ესწრება სუსი…ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ჩვენს მხარდამჭერს პირადი ცხოვრების კადრებით ემუქრებოდა”

“ლელო საქართველოსთვის” თბილისსა და რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს. როგორც პარტიის წევრმა საბა ბუაძემ ” რეალურ დროში” განაცხადა, მათ შეხვედრებს სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენლები და “ქართული ოცნების” კოორდინატორები ესწრებიან.

“იყო ხმაურიანი ინციდენტებიც. მაგ.  ზუგდიდში ჩვენს წევრს და მხარდამჭერს – ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდა. ეს ყველაფერი ქმნის არასასიამოვნო და დაძაბულ ფონს, რაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა”, – ამბობს საბა ბუაძე.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” “ლელოს” წარმატების ეშინია. 

“იმისთვის, რომ ხელისუფლება დავამარცხოთ, აუცილებელია მრავალფეროვნება. აქვე მინდა მივმართო ჩემს კონკურენტებს მთაწმინდის ოლქში, ბექა ოდიშარიას და შალვა შავგულიძეს. მათ ვიწვევ დებატებში – სატელევიზიო ან რადიო დებატებში, რომ შევეჯიბრეთ , ვისი იდეები უფრო რეალისტურია და ვისი იდეებია ახლოს ხალხის პრობლემებთამ”, – განაცხადა საბა ბუაძემ.

“ეროვნულ ბანკს არ აქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ ლარი გადაარჩინოს” – ვახტანგ ჭარაია

„ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს“ – ექსპერტი ვახტანგ ჭარაია ლარის გაუფასურების გამო, ცენტრალურ ბანკს ინტერვენციისკენ მოუწოდებს.

ეკონომისტმა გადაცემაში – “რეალური დრო თეონა ცხომელიძესთან ერთად” არადამაიმედებელი პროგნოზი გაააკეთა. ქვეყანაში ლარის მკვეთრი გაუფასურების შეჩერების მიზნით, ჭარაია თვლის, რომ ამ ეტაპზე პროცესებში ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს.

„ეროვნული ბანკი არ არის ყოველ ჯერზე მაშველი რგოლი და არ აქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ ლარი გადაარჩინოს, მაგრამ როდესაც ჩვენ ვხედავთ ნახტომისებრ, 5 თეთრიან ან ერთ და ორ კვირაში 20-25 თეთრიან ნახტომს, მაშინ ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს. ამიტომ აქვს მას რეზერვები“ – ამბობს ჭარაია.

თუმცა ექსპერტის განმარტებით, ეს მუდმივად ვერ მოხდება და პროცესის მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისია.

„მე არ ვხსნი პასუხისმგებლობას მთავრობას და არ გადამაქვს ისრები ეროვნულ ბანკზე, თუმცა მოკლევადიან პერიოდში სწორედაც ეროვნულ ბანკს აქვს ეს ინსტრუმენტები. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კი შეგვიძლია ვთქვა, მთავრობის „ბრალია“ რომ არ არის საკმარისი ეკონომიკური ზრდა” – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ, გადაცემა „რეალურ დროში“ საუბრისას.
ექსპერტი დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებს, ვერც ინფლაციის შესახებ და ის ფასების ზრდას ელოდება. „სამწუხაროდ ჩემი მოლოდინი არ არის ოპტიმისტური, იმიტომ რომ ლარის ასეთ გაუფასურებას, შეუძლებელია, არ მოყვეს ინფლაცია.“ – აცხადებს ჭარაია.