მურიკო ბულია, ერთ-ერთია იმ მძევალთაგან, რომლებიც “საქართველოს ბანკიდან” თავდამსხმელთან ერთად გამოვიდნენ.
ბულია გატაცების დეტალების შესახებ “ფორმულასთან” საუბრობს.
ის აღნიშნავს, რომ მძარცველი ქართულად და მეგრულად საუბრობდა. ამასთან, არ ჰქონდა პირადი მობილური ტელეფონი.
ყოფილი მძევალი ამბობს, რომ მძარცველის მთავარი მოტივი თანხის მიღება იყო.
“ყველა მძევალი გაუშვი და მე წამიყვანე, აგერ მოვდივარ შენთან – ამ სიტყვებით მიმართა ავთანდილ გალდავამ თავდამსხმელს. არავინ ხომ არ მოდისო ჰკითხა და ავთომ [გალდავამ] უთხრა, რომ არა. ხელები აწია და ანახა, რომ არაფერი ჰქონდა, მათ შორის არც იარაღი. მერე მძარცველმა უთხრა, ამოიღე და მაჩვენე, რომ მართლა ფული მოგაქვსო. როგორც კი აჩვენა ფული, სხვა დანარჩენი მძევლები გაათავისუფლა. ჩვენც გამოვიჩინეთ ინიციატივა, რომ ქალები გაეშვა და ჩვენ დავრჩებით შენთანთქო. რამდენიმე კაცი იდგა და კონკრეტულად დაგვადო ხელი. როგორც ჩვენ ვსაუბრობდით და კომუნიკაცია გვქონდა მძარცველთან იგივე ნაირად იყო ხვიბლიანიც [კიდევ ერთი მძევალი]. მძევლები ერთმანეთზე დაგვაბა ხელებით. მე თუ მოვკვდებიო, ჩათვალეთ რომ თქვენც მკვდრები ხართო გვითხრა. ცოცხალი არ ჩავბარდებიო…
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.
„საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად აყვანილ პირთა ნაწილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
ოთხივე ერთი კარით ჩავსხედით მანქანაში. ხვიბლიანი, ერთ-ერთი მძევალი იჯდა საჭესთან. წალენჯიხის გზაზე ვიყავით, გზა თავისუფალი იყო. საუბრობდა ხან მეგრულად ხან ქართულად. ბევრს არ ლაპარაკობდა. ავთანდილს არეკინებდა, რათა ეთქვა: რომ არავინ გამოყოლოდა მანქანას. მიმართულებებზე საუბრობდა მარტო. წალენჯიხის მერე ვიყავით ჩხოროწყუს ტერიტორიაზე. დაახლოებით 2-3 საათი ვმოძრაობდით. მისი მიზანი ფული იყო, არ ცდილობდა ვინმე დაეზიანა ან მოეკლა. ტელეფონი არ ჰქონდა და სხვასთან არავისთან კომუნიკაცია არ ჰქონდა. ყუმბარა მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა ხელში გახსნილ მდგომარეობაში. ბოლოს გვქონდა შიშის განცდა, რომ მანქანიდან გადასვლის შემდეგ რამე არ დაეშავებინა. მაგრამ თვითონ გზაში გვპირდებოდა, რომ არაფერს დაგვიშავებდა. ამბობდა, რომ ფეხით აპირებდა გზის გაგრძელებას და მანქანას ჩვენ დაგვიტოვებდა. ჩვენ ვეკითხებოდით, რომ ხომ არ დაგვხოცავ?! გზაში მანქანები გვხვდებოდა და აკვირდებოდა, პოლიცია ხომ არ იყო. ჩვენ ფეხით არ გვივლია. ის ჩამოვიდა მანქანიდან და გამოგვიშვა. გვითხრა, რომ შუქები ჩაგვექრო და მიგვეტრიალა მანქანა. ამოიღო ფული და გვითხრა, რომ წავსულიყავით. მანქანა არ ვნახო გაჩერებულიო, თქვენ გზაზე წადითო. ვისაც გვქონდა ტელეფონები, წალენჯიხაში დაგვატოვებინა. დავბრუნდით წალენჯიხაში, ავიღეთ ტელეფონები და გავაგებინეთ, რომ თავისუფლები ვიყავით. რაც შეეხება გამოძიებას, ძირითადი კითხვები გამოკითხვაზე იყო, თუ რა ხდებოდა, რა ენაზე გვესაუბრებოდა და რა ეროვნების შესაძლოა ყოფილიყო,”-იხსენებს ყოფილი მძევალი.
