“ქართულ ოცნებაში” საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მიმდინარე პროცესებზე და აქციის დაშლის მიზეზებზე ისაუბრა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, პოლიციამ თავისი მოვალეობა შეასრულა და პროპორციული რეაგირება მოახდინა.
მდინარაძე აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცველებზე თავდასხმას ახორციელებდნენ.
„ამაზე ძალიან მარტივი განმარტებაა, როგორც იურისტმაც შემიძლია გიპასუხოთ ამ კითხვაზე, თუ რატომ არ გააფრთხილეს წინასწარ ის ადამიანები, რომლებიც ცესკო-ს შენობაში ცდილობდნენ შეჭრას. ჩვენ ვნახეთ კადრები, როდესაც ისინი ღობეს ანგრევდნენ, ამ ღობეზე ფეხით დახტოდნენ და ქვებს ესროდნენ პოლიციელებს. ასეთ დროს, მსოფლიოში, არც ერთ განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება. დავუშვათ, როდესაც თქვენ თავს დამესხმებით, ამ შემთხვევაში მე გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, ეს არის მარტივი იურიდიული კაზუსი. გაფრთხილება ხდება, როდესაც არის დაშლის წინაპირობა, თუმცა მყისიერი თავდასხმა არ არის. თავდასხმის დროს გაფრთხილება ვერ ხდება და ვერ მოხდება ვერსად. როდესაც უშუალოდ ხდება ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და გარკვეული მოქმედებები, რაც მყისიერ საფრთხეს ქმნის, რომ რომელიმე შენობაში, სტრატეგიულ ობიექტში ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტში, არ შეიჭრან ადამიანები, ამ დროს გაფრთხილება ვერ ხერხდება და ამას უშვებს კანონმდებლობაც იმგვარად, როგორც ეს მოხდა. როდესაც ჩვენ დღეს ვნახეთ კადრები და ვნახეთ, რაშიც იყო საქმე, სხვა გზა ფიზიკურად ვერ ექნებოდა პოლიციას, რომ არა, ასევე მყისიერი საპასუხო და პროპორციული რეაგირება“, – განაცხადა მდინარაძემ.
