თათა სადრაძის საავტორო გადაცემის, „არტ FM”-ის სტუმარია ცნობილი ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა ჯორჯაძე, რომელმაც თავისი ახალი პროექტის, „პეპლების იძულებითი მიგრაციის“ შესახებ ისაუბრა და არაერთი საინტერესო და სახალისო ისტორიაც გაიხსენა…
– ქალბატონო ნანა, თქვენი ბრწყინვალე კარიერის, ჯილდოების და დამსახურებების შესახებ ყველამ ყველაფერი ვიცით, თუმცა დღეს ჩვენი საუბრის მთავარი თემა არის ფილმი, რომელსაც ახლა იღებთ – „პეპლების იძულებითი მიგრაცია“. ვიდრე უშუალოდ ფილმზე გადავიდოდეთ, მინდა ერთი რამ გკითხოთ: მსახიობებს სცენარს მართლა არ აკითხებთ?
ნანა ჯორჯაძე: დიახ, ასეთი ბოროტი ვარ (იცინის). ეს მართლაც ასეა და ამის მიზეზი ჩემი ხედვაა. როდესაც მსახიობმა მთლიანი სცენარი იცის, ის თავის წარმოსახვაში უკვე აგებს ხაზს, რომელსაც მიჰყვება და ამ ხაზის დანგრევა ჩემთვის შემდეგ ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ მირჩევნია ჩემეულად ვიმოქმედო, როგორც მოგეხსენებათ, ყველა ადამიანს თავისი ხედვა აქვს. მე ბედმა ძალიან გამიღიმა, ყოველთვის საოცარ ხალხს ვხვდებოდი ცხოვრებაში, ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვედრივარ და რასაკვირველია მათგანაც ბევრს ვიღებ. როდესაც ვიღებ, შემდეგ ვცდილობ გავცე. სწორედ ამიტომ არ ვაკითხებ მსახიობებს მთლიან სცენარს. როგორც ცხოვრებაში არასოდეს არ იცი რა იქნება ხვალ და ყველაფერი იმწამიერია, გადასაღებ მოედანზეც მომწონს ეს მოულოდნელობის ეფექტი და რეალურობა.

– მოდით, ვისაუბროთ ადამიანზე, რომელთანაც ამჟამად თანამშრომლობთ. ეს არის ქალბატონი ჟანა სარდლიშვილი, რომელიც თქვენი ფილმის გენერალური პროდუსერია.
ნანა ჯორჯაძე: ქალბატონი ჟანა არის ადამიანი, რომელთან ერთადაც მე ჩემი ყველა ფილმი გავაკეთე. არ ვიცი როგორ მოხდა, რომ ჟანა გადასაღებ მოედანზე არ დაიბადა, რადგან ის კინოთი ცხოვრობს, მისი მთელი ცხოვრება კინოსთანაა დაკავშირებული. ეს არის საოცარი, გადამღებ ჯგუფზე და რეჟისორზე გადაყოლილი ადამიანი, რომელიც გვაძლევს ყველაფერს რაც გვჭირდება იმისათვის, რომ გადავიღოთ. რომ არა ჟანა, მე ალბათ ამ ფილმს ვერ გადავიღებდი.
ფილმის გადაღების იდეა 4 წლის წინ დაიბადა, კინოცენტრმა დააფინანსა ყველაფერი. გამოცხადდა კონკურსი სცენარზე, მე შევიტანე სინოპსისი, რომლითაც კონკურსში მინდოდა მონაწილეობა. შემდეგ დავუკავშირდი თამარ ბართაიას, საუკეთესო სცენარისტს და ჩემს მეგობარს და ვუთხარი, რომ მინდოდა ერთად დაგვეწერა ეს სცენარი. ზოგადად ამ ფილმის პერსონაჟები ჩემს მეგობრებს ეფუძნებიან. ჩემს თითქმის ყველა ფილმში ასეა, ცოცხლდება ჩვენი ისტორიები.
კინოცენტრმა დაგვაკავშირა კრისტიან რაუვთან, რომელთან ერთადაც მე და თამრიკომ ვიმუშავეთ, შემდეგ შემოგვიერთდა ამერიკელი სცენარისტი ჯორჯ შეპარდი. საბოლოო ჯამში გამოგვივიდა ის, რაც გამოგვივიდა. ფილმი კინოცენტრმა დააფინანსა და ზოგადად ჩემს კარიერაში პირველად ხდება, რომ საქართველოში ფული მივიღე ფილმის გადასაღებად. ამისთვის მადლობელი ვარ.
ზოგადად ქართველი ერი კინემატოგრაფიული ერია და ძალიან კარგია, რომ კინოცენტრი შანსს ყველას აძლევს. თუ ახალგაზრდას არ მიეცა შანსი გადაიღოს თავისი პირველი და მეორე ფილმი, თქვას თავისი სათქმელი, როგორ გავიგებთ ნიჭიერია თუ არა?
კინოცენტრი დაარსებიდან ცდილობს აღმოაჩინოს ახალი სახეები, დააფინანსოს მათი ფილმები, მისცეს მათ თავიანთი პოტენციალის გამოვლენის საშუალება. საუბარია არა მ,ხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც მხატვრულ ფილმებს იღებენ, არამედ ანიმაციური და დოკუმენტური ფილმების ავტორებზეც. კინოცენტრი თავისი მწირი რესურსების შესაბამისად ეხმარება ახალგაზრდა ხელოვანებს. ზოგადად განათლება და ხელოვნება ყველაზე ნაკლებად ფინანსდება საქართველოში და ჩემი აზრით, ეს ერის ტრაგედიაა. არ ვიცი ამის უკან რა პოლიტიკა და მოსაზრება დგას, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასეა…

– როგორც აღნიშნეთ, სცენარის ავტორები თქვენ, თამარ ბართაია და ჯორჯ შეპარდი ხართ, მიხო კვირიკაძე დამდგმელი ოპერატორი, ნინი სარდლიშვილი ასევე რეჟისორია…
ნინიზე, საოცარ გოგონაზე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა. გარეგნულად პატარა ბავშვს ჰგავს, თუმცა მას ისეთი ხედვა, ცოდნა, გამოცდილება და პროფესიონალიზმი, და რაც მთავარია ისეთი ენერგია აქვს, რომ ნინი ნამდვილი მზე იყო ჩვენთვის გადასაღებ მოედანზე. საერთო ენის პოვნა მას ყველასთან შეუძლია.
– გიორგი მასხარაშვილი დამდგმელი მხატვარი, ქეთი კალანდაძე კოსტუმების მხატვარი…
ნანა ჯორჯაძე: გიორგი მასხარაშვილი უსაზღვროდ, მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია. მან ნაგვიდან, პირდაპირი მნიშვნელობით ნაგვიდან შექმნა საოცარი ატმოსფერო გადასაღებ მოედანზე. საუბარია ძველ რეკვიზიტებსა და კოსტუმებზე, რომლებიც ჩემს გარდა ალბათ არავის სჭირდება, მხოლოდ მე ვაგროვებ.
ქეთი კალანდაძე ძალიან ნიჭიერი, რაფინირებული და გემოვნებიანია. მან ყველა მსახიობს თავისი ხასიათი და სდახე მოუძებნა იმ მიზერული საშუალებებით, რაც გვქონდა. მან და მისმა დამხმარემ, თინიკომ ნამდვილად გამორჩეული კოსტუმები შექმნეს.
– ივანე გვარაძე ხმის რეჟისორია, ნინო ხაინდრავა მთავარი რეკვიზიტორი. ფილმში თაკო ტაბატაძე, რატი ერაძე, ანა ქურთუბაძე, გიორგი ცაგარელი, თამრი ბზიავა, ნათია ნიკოლაიშვილი, თამარ სხირტლაძე, მარინა ჯანაშია, ბუბა ჯორჯაძე და დარეჯან ხარშილაძე მონაწილეობენ. ბატონი ირაკლი ქირია აღმასრულებელი პროდუსერია, ფილმის კომპოზიტორი კი დათო ევგენიძეა…
ნანა ჯორჯაძე: დიახ, ჩემი მეგობარი, უნიჭიერესი დათო ევგენიძეა ფილმის კომპოზიტორი, რომელიც ყოველთვის გვერდით მიდგას. მან მესამედ შექმნა მუსიკა ჩემი ფილმისთვის..
– ბატონი დათო პირდაპირ ეთერში გვერთვება. ბატონო დათო, როგორც ქალბატონმა ნანამ აღნიშნა, მისი ფილმისთვის მუსიკა მესამედ შექმენით…
დათო ევგენიძე: დიახ, და ამას ყოველთვის უდიდესი სიამოვნებით ვაკეთებ. ჩემთვის დიდი პატივია ასეთ ფანტასტიურ რეჟისორთან მუშაობა.
– როგორ იწერება მუსიკა ნანა ჯორჯაძის ფილმისთვის და როგორია, როდესაც ორ საოცარ ხელოვანს საერთო საქმე აერთიანებს?
დათო ევგენიძე: ნანასთან მუშაობა საოცრებაა, ძალიან საინტერესოა. ყველაზე მეტად კომპოზიტორისთვის ადამიანის რწმენაა მნიშვნელოვანი. მაგალითად, შეიძლება გიჟურ სიტუაციაში ისე მოხდეს, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოვჩნდე და მუსიკა რამდენიმე საათში გავაკეთო. ამ დროს უნდა ვიცოდე, რომ ერთმანეთის გვესმის და ჩემი ნამუშევარი მოეწონებათ. ქალბატონი ნანა უდიდესი საჩუქარია ქართული და მსოფლიო კინემატოგრაფისთვის, მისი ყოველი ფილმი ჩემთვის აღმოჩენაა. მასთან მუშაობა ჩემთვის ბედნიერებაა.

ნანა ჯორჯაძე: იგივე შემიძლია ვთქვა. დათოსთან მუშაობა ბედნიერებაა, რადგან ის საოცარი იმპროვიოზატორია, ყველაფერს ისე გრძნობს, სიტყვის თქმაც არაა საჭირო. როდესაც საუბარს ვიწყებ, მან იმ წუთას უკვე იცის რა მინდა და ათას ვარიანტს მთავაზობს დაუფიქრებლად, დაუზარელად. დათო არაჩვეულებრივია, ზუსტად აკეთებს ყოველთვის იმას,რაც იმ ადამიანის ბედნიერებისთვისაა საჭირო, ვისთვისაც ის მუსიკას აკეთებს. ისიც აღსანიშნავია, რომ დათოს მიერ ჩემი ფილმებისთვის დაწერილი ყველა სიმღერა რჩება, მას მღერიან, ყველას ახსოვს…
– ფილმის დამდგმელი ოპერატორი, მიხო კვირიკაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში. ბატონო მიხო, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ ამ ფილმის გადაღებიდან?
მიხო კვირიკაძე: თითოეული დღე. შესანიშნავ, საოცარი პროფესიონალების გუნდთან მომიწია მუშაობა, საუცხოო გამოცდილება იყო. აღარ ვიცი ვის გადავუხადო მადლობა ისე, რომ არავინ გამომრჩეს. ქალბატონი ნანა, ქალბატონი ჟანა სარდლიშვილი, რეჟისორები, ოპერატორები, მსახიობები… ზოგი პროფესიონალი, ზოგი არაპროფესიონალი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რომ ვერ აღგიწერთ.ყველამ ძალიან კარგად შასრულა ნანას დავალება და საერთო ჯამში ამ პროექტზე მუშაობით უდიდესი სიამოვნება მივიღე, ძალიან ბედნიერი ვარ.
ნანა ჯორჯაძე: ერთადერთი სირთულე ალბათ ისაა, რომ მიხო არასდროს მიდის კომპრომისზე და უბრალოდ არაფერს გადაიღებს თუ ბოლომდე არ მიიღო ის განათება, მიზანსცენა ან კომპოზიცია, რომლეიც უნდა, შესაძლოა ეს დროის ფაქტორთანაა დაკავშირებული, მაგრამ სამაგიეროდ მიხოს გადაღებული კადრები საოცარია…
გვიერთდება გიორგი მასხარაშვილი, ფილმის დამდგმელი მხატვარი.
ნანა ჯორჯაძე: ქართულ კინოში ბევრი ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ გიორგი მათ შორისაც გამოირჩევა. ის არის მრავალმხრივ ნიჭიერი, ადამიანი ორკესტრი- შესანიშნავი მხატვარი, რეჟისორი, მუსიკალური, არტისტული… ის სპეციალურ პედესტალზე უნდა იდგეს. მასთან ურთიერთობა ბედნიერებაა.
გიორგი მასხარაშვილი: ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნანას, მოგესალმებით. ცოტა არ იყოს გავწითლდი (იცინის).
– გიორგი, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ფილმის გადაღებისას, რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ?
გიორგი მასხარაშვილი: უმნიშვნელოვანესი ის არის, რომ ქალბატონ ნანასთან მუშაობისას საოცარი ნდობა ვიგრძენი. როდესაც ერთი ხელოვანი მეორეს ენდობა, ყველაფერი კარგად გამოვა. კინო რეჟისორის არის, რეჟისორის მოყოლილი ამბავია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეჟისორი ენდობოდეს ოპერატორს, კომპოზიტორს და მხატვარს. როცა გუნდური მუშაობა წარმატებულია, წარმატებულია პროექტიც. რასაკვირველია ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუშაობის პროცესში არ შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა, კამათი. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ყველას თავისი ხედვა აქვს, მაგრამ როცა პროფესიონალები ერთიანდებიან ერთი იდეის გარშემო და ყველა ცდილობს ფილმში თავისი ცოდნა და გამოცდილება ჩადოს, ეს შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. დიდი მადლობა ქალბატონ ნანას, რომ მენდო.
ნანა ჯორჯაძე: გიორგის მინდა უბრალოდ მადლობა გადავუხადო, ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება იყო მისნაირ ნიჭიერ ადამიანთან მუშაობა.
– ქალბატონო ნანა, რასკავირველია გვერდს ვერ ავუვლით „ოსკარს“ გვიამბეთ ყველაფერი, როგორ მოხვდა ფილმი ოსკარზე? მაშინ საქართველოში შუქიც კი არ იყო და ბუნებრივია არც ის ვიცოდით, რომელი ფილმი მოხვდა „ოსკარზე“…
ნანა ჯორჯაძე: დიახ, მაშინ ისეთი დრო იყო, რომ არც სინათლე იყო, არც წყალი, არც გათბობა… ერთადერთი ფაქსის აპარატი გვქონდა. „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ სწორედ ასეთ დროსაა გადაღებული. ფრანგი პროდიუსერი მარკ რუსკარი და ქართველი პროდიუსერი თემურ ბაბლუანი ურთიერთგამომრიცხავი ხასიათის მქონე ადამიანები იყვნენ, თუმცა უმაღლესი დონის პროფესიონალები და საინტერესო პიროვნებები. თემურ ბაბლუანმა უდიდესი როლი შეასრულა ფილმის წარმატებაში… მან ყველაფერი გააკეთა, რომ ფილმი შემდგარიყო.

– ყველას ალბათ არ ეცოდინება, რომ თქვენ მთელი ღამე ავსებდით ანკეტას, 12 საათი გქონდათ იმისათვის, რათა მონაცემების გაგზავნა მოგესწროთ…
ნანა ჯორჯაძე: ვისხედით ოთახში, სადაც შეშის ღუმლით ვთბებოდით და არ მახსოვს ვის მოუვიდა პირველად იდეა, რომ „ოსკარზე“ გაგვეგზავნა ფილმის შესახებ ინფორმაცია. ვიფიქრე, როგორ გავაგზავნოთ? დენი არ არის, არაფერი არ არის… მაინც დავურეკეთ ბატონ ელდარ შენგელაიას, კინოკავშირის თავმჯდომარეს, რომელმაც გვითხრა, რომ რასაკვირველია უნდა გავაგზავნოთ ანკეტა. ლოს ანჯელესთან 12 საათიანი განსხვავება გვაქვს, დედლაინამდე ძალიან ცოტა დრო რჩებოდა, ერთადერთი ფაქსის აპარატით როგორღაც მოვახერხეთ და გავაგზავნეთ ფილმის საბუთები, შემდეგ კი უბრალოდ დავივიწყეთ…
4 თვის შემდეგ, როდესაც სრულიად დავიწყებული გვქონდა ეს ყველაფერი, დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ფილმი „ოსკარის“ 5 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა. მასშტაბი რომ წარმოვიდგინე, შოკში ჩავვარდი. წარმოიდგინეთ, ამერიკის კინოაკადემიის 6000 წევრი უამრავი ფილმიდან არჩევს 5 საუკეთესოს და მათ შორის შენი ნამუშევარია…
– ვისაუბროთ კანის კინოფესტივალზეც…
ნანა ჯორჯაძე: ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი მედგა, კინოს მიტოვებას და არქიტექტურაში დაბრუნებასაც კი ვფიქრობდი. ამის მიზეზი ის იყო, რომ ჩემი ფილმი „რობინზონიადა“ „გოსფილმმა“ დახურა და ამის შესახებ რეზო ჩხეიძესაც შეატყობინეს, რომელიც კინოსტუდიას ხელმძღვანელობდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მე დისკვალიფიცირებული ვიყავი. იმასაც კი ვფიქრობდი, მართლა ხომ არ დავბრუნდე არქიტექტურაში მეთქი. ჩემი მასწავლებელი და მეგობარი, საოცარი პიროვნება, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, ბატონი ოთარ ჯაყელი ხუმრობით მსაყვედურობდა ხოლმე, არქიტექტურას კინოთი უღალატეო. გადავწყვიტე მის სახელოსნოში დავბრუნებულიყავი…
მიუხედავად ყველაფრის, ფილმის ჩვენება მოეწყო. როდესაც ჩვენება დასრულდა , „გოსფილმის“ ხელმძღვანელობას ძალიან გულგრილი რეაქცია ჰქონდა, ზედაც არ მიყურებდნენ. ვიფიქრე, რომ მორჩა, არ მოეწონათ… თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ კიბეზე ფრანგი მამაკაცი ჩამოვიდა და თქვა: „აი, ეს ფილმი მიმაქვს კანის ფესტივალზე… „გოსფილმის“ წარმომადგენლები ცდილობდნენ გადაერწმუნებინათ, ფილმი დასრულებული არ არისო. ისიც კი უთხრეს, რეჟისორს არ სურს, ეს ფილმი კანში წავიდესო, რაზეც გაოგნებული მამაკაცი მომიტრიალდა – არ გინდათ თქვენი ფილმი კანის ფესტივალზე მოხვდესო? რასაკვირველია მინდა მეთქი. მე ეს ფილმი ისეთი სახით მიმაქვს, როგორიც არისო. აი, ასე მოხვდა ჩემი ფილმი კანში.

– აუცილებლად მინდა ვისაუბროთ ორი ისტორიის შესახებ. პირველი არის 12 ფრანკის ისტორია. ქალბატონი ნანა სწორედ ამ თანხით გაემგზავრა კანში… მინდა დამისახელოთ ის ცნობილი რეჟისორი, რომელმაც მხარზე ხელი დაგადოთ და 200 ფრანკი გაჩუქათ…
ნანა ჯორჯაძე: კანის ფესტივალის მეორე დღეს, როცა „რობინზონიადას“ უკვე მოგებული ჰქონდა კამერა დ’ორი, გამოფენილ სუვენირს, ოქროს კამერის გულსაბამს ვუყურებდი, რომელზეც ჩემი ფილმის სახელი ეწერა. მინდოდა მეყიდა, მაგრამ სულ 12 ფრანკი მქონდა, გულსაბამი კი 40 ფრანკი ღირდა. ვიდექი და ვუყურებდი. უცებ ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო – „ფული არ გაქვს? ვერ ყიდულობ“? – მოვტრიალდი, ნიკიტა მიხალკოვი დგას და მიყურებს. ამოიღო 200 ფრანკი, მომცა და წავიდა. ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ საჭირო არ იყო, მაგრამ ის უბრალოდ წავიდა…
– მოდით, სანაპიროს ეპიზოდიც გავიხსენოთ… როგორც ვიცი, სანაპიროზე ჩაგეძინათ…
ნანა ჯორჯაძე: არა, არ ჩამეძინა, უბრალოდ დასაძინებელი ადგილი არ მქონდა. კანიდან პარიზში უნდა წავსულიყავი ღამის მატარებლით, თუმცა კანში ფესტივალზე ჩემს გამყოლს ძალიან დავუმეგობრდი. ჟორჟ შაპკუნი, რომელიც დღეს კანის ფესტივალის მთავარი პროგრამისტია, მაშინ დამწყები თარჯიმანი იყო. სხვათა შორის, დღემდე ვმეგობრობთ და მისი შვილების ნათლია ვარ. შემომთავაზა, პარიზში მე წაგიყვან მანქანით, ღამის მატარებელს ნუ გაჰყვებიო. პირველად ხარ უცხო ქვეყანაში და გზაში საფრანგეთსაც ნახავო. რასაკვირველია, სიამოვნებით დავთანხმდი. მატარებელი გავუშვი და ამ დროს გამახსენდა, რომ სასტუმრო „კარლტონში“ ჩემი ყოფნის ვადა ამოწურულია, კიდევ ერთი ღამით დარჩენა არ მეკუთვნის, არადა ამ სასტუმროში ერთი ღამის გათენება მთელი „რობინზონიადას“ ბიუჯეტს უდრიდა. რა უნდა მექნა, გამოვედი სასტუმროდან, გავუყევი ქუჩას, გავედი სანაპიროზე… ვხედავ, იახტებზე ხალხი ქეიფობს, მე კი მარტო ვარ, სიფრიფანა კაბით… არადა ციოდა. წამოვწექი პლაჟზე, ამოვიდე ჩანთა თავქვეშ, მოვიფარე შალი და დავიძინე. დილას ქვიშის მწმენდავმა გამაღვიძა, ალბათ ბომჟი ვეგონე (იცინის)… აი, ასეთი იყო ჩემი ბოლო ღამე კანში…
რეჟისორი ნანა ჯორჯაძე და მსახიობები ანა ქურთუბაძე და თამრი ბზიავა
