LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 მოქალაქე ჰყავდა მძევლად – შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმის თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ფილიალზე თავდასხმის, რამდენიმე პირის მძევლად აყვანის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ლ.ზ. დააკავეს.

“თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში, დღის მეორე ნახევარში, შეიარაღებული პირი შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა”- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ფაქტზე გამოძიება ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების მუხლით გრძელდება.